როდესაც ევროპელი პოლიტიკოსებისა და ჩინოვნიკების ნაწილი ღიად აცხადებს, რომ მათთვის მხოლოდ ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის” დაბრუნების პირობებში აქვს საქართველოს ფასი, ეს ქართული საზოგადოებისთვის გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შემაშფოთებელია, რომ ძალადობრივი დაჯგუფებების მიერ განხორციელებული უხეში სისტემური ძალადობა არც ამ შემთხვევაში დაუგმია ევროკავშირს.
„შეგახსენებთ, რომ ამგვარი ფაქტები მძიმედ აზიანებს ქართული საზოგადოების ნდობას ევროპული ინსტიტუტებისადმი. 1949 წლიდან 2008 წლამდე ევროკავშირი სამართლიანობის ერთგვარი სიმბოლო იყო. დღეს კი, ცხადად ჩანს, რომ სიცრუე და უსამართლობა ევროპულ სტრუქტურებში ძალზე ღრმად არის გამჯდარი, რაც უკიდურესად შემაშფოთებელია.
სიცრუე და უსამართლობა გამოიხატება იმაშიც, რომ ეუთო/ოდირის დადებითი დასკვნის მიუხედავად, ევროპულ სტრუქტურებს ოფიციალურად კვლავაც არ უღიარებიათ არჩევნების შედეგები. მეტიც, ევროპელი პოლიტიკოსების ნაწილი ზუსტად ისეთივე შემართებით ესხმის თავს ეუთო/ოდირს, როგორც ამას რადიკალური ოპოზიცია აკეთებს. როდესაც ევროპელი პოლიტიკოსებისა და ჩინოვნიკების ნაწილი ღიად აცხადებს, რომ მათთვის მხოლოდ ხელისუფლებაში კოლექტიური ნაცმოძრაობის დაბრუნების პირობებში აქვს საქართველოს ფასი, ეს ქართული საზოგადოებისთვის გაუგებარი და შეურაცხმყოფელია. მოძალადეებთან, მკვლელებთან, მწამებლებთან, ბიზნესის რეკეტიორებთან, ტელევიზიების მიმტაცებლებთან და ომის ინიციატორებთან ყოველგვარი ასოცირება ძირს უთხრის ქართველი საზოგადოების ნდობას ევროპული ბიუროკრატიისადმი, რაც ჩვენ უკიდურესად გვაშფოთებს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.