ყველა უნდა შეეგუოს ფაქტს, რომ საქართველოში ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები, ქვეყანას ჰყავს დემოკრატიული ხელისუფლება, ყველა, ვინც პატივს სცემს დემოკრატიის პრინციპს, უნდა შეეგუოს ქართველი ხალხის ნებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, პატრონებმა ჯერ გახარიას და შემდეგ გვარამიას გააკეთებინეს პრევენციული განცხადებები, ისინი წინასწარ დაესხნენ თავს ეუთო/ოდირს, აქედან ჩანს, რომ მათ ეშინოდათ ობიექტური შეფასების, მას შემდეგ კი, რაც ეუთო/ოდირმა დადო ობიექტური შეფასება და თქვა, რომ ეს იყო კონკურენტული არჩევნები, გაგრძელდა უკვე მეორე ეტაპით თავდასხმა.
„გახსოვთ, ჯერ კიდევ არჩევნების ჩატარებამდე ჯერ გახარიას და შემდეგ გვარამიას გააკეთებინეს განცხადებები ეუთო/ოდირის მისიის წინააღმდეგ. ჯერ არაფერი ხდებოდა და პატრონებმა ჯერ გახარიას და შემდეგ გვარამიას გააკეთებინეს პრევენციული განცხადებები, ისინი წინასწარ დაესხნენ თავს ეუთო/ოდირს, აქედან ჩანს, რომ მათ ეშინოდათ ობიექტური შეფასების. შემდეგ უკვე, როდესაც ეუთო/ოდირმა დადო ობიექტური შეფასება, როდესაც თქვა, რომ ეს იყო კონკურენტული არჩევნები, როცა ისაუბრეს იმაზე, რომ კი, ხარვეზები იყო, მაგრამ მთლიანობაში არჩევნები ჩატარდა სათანადოდ, ამის შემდეგ გაგრძელდა უკვე მეორე ეტაპით ეს თავდასხმა ეუთო/ოდირზე. შემდეგ ამ თავდასხმას შეუერთდნენ უკვე ევროპარლამენტარები, აქედან ძალიან მარტივად იკითხება ყველაფერი. ვიღაცეები, მათ შორის, ევროკავშირის ელჩი წინასწარ გვეუბნებოდა, რომ საქართველოს მხოლოდ იმ შემთხვევაში ჰქონდა მისთვის და მათთვის ფასი, აქ არ იგულისხმება, რა თქმა უნდა, ევროკავშირი, იგულისხმება შესაბამისი ჩინოვნიკი და პოლიტიკოსები, თუ ხელისუფლებაში დაბრუნდებოდნენ მკვლელები, მწამებლები, ტელევიზიების მიმტაცებლები, ბიზნესის რეკეტით გამორჩეული ადამიანები და ის ადამიანები, რომლებმაც 2008 წელს გააჩაღეს ომი საქართველოში. ეს არის ჩვენთვის შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება. როცა გიყენებენ საკითხს, რომ ან „ნაცები” უნდა დაბრუნდნენ, ან საქართველოს ფასი არ აქვს, ეს არ არის, რა თქმა უნდა, სწორი და ჯანსაღი დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ და ამის გაგრძელებაა ის თავდასხმა, რომელსაც ვხედავთ ეუთო/ოდირის მიმართ. ყველა უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ საქართველოში ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები, ქვეყანას ჰყავს დემოკრატიული ხელისუფლება, დასრულდა, როგორც პარლამენტის, ისე მთავრობის ფორმირების პროცესი, მალე აირჩევა საქართველოს პრეზიდენტი. ყველა, ვინც პატივს სცემს დემოკრატიის პრინციპს, უნდა შეეგუოს ქართველი ხალხის ნებას,”- განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, არჩევნების გაყალბების არანაირი ფაქტი არ არსებობს და ეს აღიარა ოპოზიციამაც არაერთი განცხადებით.
„მინდა შეგახსენოთ აღიარებითი ჩვენებები, რომელიც მოვისმინეთ ოპოზიციის მხრიდან. მათ აქვთ აღიარებული, რომ 2 მლნ-ზე მეტი ამომრჩეველი მივიდა არჩევნებზე, არაერთი განცხადება შეგიძლიათ მოიძიოთ, მათ შორის, გვარამიას განცხადება, პოსტი „ფეისბუქზე”, მათ აქვთ აღიარებული, რომ ეს იყო უპრეცედენტოდ აქტიური არჩევნები და გახსოვთ, დაფიქსირდა 2 მლნ 75 ათასი ხმა. ასევე, მინდა, შეგახსენოთ, ხაზარაძის და ზაზა თავაძის, გახარიას პარტიის ერთ-ერთი ლიდერის აღიარებითი ჩვენებები. ხაზარაძეს აქვს ნათქვამი, რომ მათ მიიღეს, დაახლოებით, 200 000 ხმა და ოფიციალური შედეგი არის 182 000, რაც შეეხება თავაძეს, მას პირდაპირ აქვს ნათქვამი, რომ მისმა პარტიამ მიიღო 161 500 ხმა, რაც დევს ოფიციალურად ცესკო-ს ვებ-გვერდზე. ეს არის აღიარებითი ჩვენებები, არავითარი ფაქტი არ არსებობს არჩევნების გაყალბებაზე. ყველამ ვიცით, რომ 2 მლნ-ზე მეტი მოვიდა, ამან მიიღო ამდენი, იმან მიიღო იმდენი, იყო ელექტრონული აპარატები, ღილაკზე თითის დაჭერით ამოდიოდა ოქმები, სად არის რაიმე ფაქტი. დანარჩენი, რჩება ე.წ. გაჟონვის თემა, იქაც კონვერტებში იყო ჩადებული თითოეული ბიულეტენი, როგორც მოგეხსენებათ და თუ ვინმეს არჩევანი გამოჩნდა, ეს იყო თვითონ ამომრჩევლის პასუხისმგებლობა. იგივე შეიძლება მოხდეს კონვერტებით ტრადიციული ხმის მიცემის პირობებში, ანუ არავითარი ფაქტი არ არსებობს. ასეთ პირობებში, ევროპელი ჩინოვნიკები დუმან და ოფიციალურად განცხადებებს არ აკეთებენ არჩევნებთან დაკავშირებით, ეს, რა თქმა უნდა, არყევს ქართული საზოგადოების ნდობას მათ მიმართ. ეს არაა სწორი დამოკიდებულება, ან „ნაცები” დაბრუნდებიან, ან არ გვინდა საქართველო, ეს არ არის ის დამოკიდებულება, რომელიც შეიძლება ჰქონდეს ევროკავშირს საქართველოს მიმართ,”- განაცხადა პრემიერმა.