ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია ევროკავშირში ინტეგრაცია, რაც საქართველოს კონსტიტუციაშიცაა ასახული, კიდევ ერთხელ გავიმეორებ მარტივ რამეს – დადონ მაგიდაზე, ვაწერთ ხელს, მაგრამ თქვენ იცით, როგორია მათი დამოკიდებულება, 3 წელი გვაცხოვრეს შანტაჟის ქვეშ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირის ელჩი იტყუება, რომ თითქოს საქართველომ გააჩერა ევროინტეგრაცია, ის არის ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ და მისი განცხადებები, სწორედ, ამ ზეწოლაზე რეაგირებაა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას, შესაძლოა, პოსტის ვადაზე ადრე დატოვება მოუწიოს.
„ევროკავშირის ელჩი ჩვეულებრივად იტყუება. ის მანამდე იტყუებოდა, რომ ევროკავშირმა გააჩერა საქართველოს ევროინტეგრაცია, ეს იყო ტყუილი და ახლა მეორე ტყუილი დაამატა ამას, რომ თითქოს, ჩვენ გავაჩერეთ ის, რაც იყო გაჩერებული. აქედანაც ჩანს, რომ ის ამბობს ორ ტყუილს ერთდროულად, ერთი კვირის განმავლობაში ორჯერ თქვა სხვადასხვა ტყუილი, რაც ძალიან შემაშფოთებელია. მე არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს პიროვნულად, ბატონი პაველ ჰერჩინსკის მიმართ, ის არის ძალიან კარგი პიროვნება, მაგრამ ჩვენი ვარაუდი იყო, რომ მას აუცილებლად მოუწევდა ზეწოლაზე რეაგირება და ეს რეაგირება გამოხატულია, სწორედ, იმ განცხადებებში, რომელსაც ის აკეთებს.
მას სხვანაირად შეიძლება მოუწიოს საკუთარი პოსტის ნაადრევად დატოვება, მასზე ზეწოლა არის ძალიან დიდი. აქედან გამომდინარე, მე სოლიდარობა მინდა, გამოვუცხადო ბატონ პაველ ჰერჩინსკის, არაფერი პირადი არ გვაქვს მასთან, უბრალოდ გვიწევს იმ ფაქტის კონსტატაცია, რაც გულისხმობს იმას, რომ ბატონ ელჩს უწევს ტყუილების თქმა ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, ჩვენ განვიცდით იმ ზეწოლას, რომლის ქვეშაც იმყოფება ბატონი პაველ ჰერჩინსკი, ისევე როგორც ეს ხდებოდა ბატონ კარლ ჰარცელის მიმართ. რაც შეეხება პერსპექტივას, ჩვენ, რა თქმა უნდა, დაველოდებით 20 იანვარს, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას აშშ-ში და იმედი გვაქვს, რომ ეს ფაქტი თვისებრივად შეცვლის ურთიერთობებს საქართველოსა და აშშ-ს შორის და ასევე საქართველოსა და ევროკავშირს შორის.
იმ პირობებში, როდესაც იყო პრობლემები მოქმედ ადმინისტრაციასთან, ეს იცით, რომ პირდაპირ აისახებოდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, იცით, ეს სქემა როგორ მუშაობს. შესაბამისად, გვაქვს იმედი, რომ ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებიც თვისებრივად შეიცვლება. ჩვენ ყოველთვის ვართ მზად ამისთვის, ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია ევროკავშირში ინტეგრაცია, რაც საქართველოს კონსტიტუციაშიცაა ასახული. კიდევ ერთხელ გავიმეორებ მარტივ რამეს – დადონ მაგიდაზე, ვაწერთ ხელს, მაგრამ თქვენ იცით, როგორია მათი დამოკიდებულება. 3 წელი გვაცხოვრეს შანტაჟის ქვეშ, 3 წელი. კანდიდატის სტატუსი, მოლაპარაკებების გახსნა, ეს არის შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ და მე მაქვს იმედი, რომ 20 იანვრის შემდეგ ეს დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვლება,”- განაცხადა პრემიერმა.