საქართველოსთვის 2012 წლის შემდეგ მიტინგის დარბევა არის აბსოლუტურად უცხო მოვლენა, ყოველ ჯერზე შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქმედებს უმაღლესი სტანდარტით ვახტანგ გომელაურის მინისტრობის პირობებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა პროცესების სწორად მართვაში სამართალდამცავი უწყებების განსაკუთრებულ როლზე გაამახვილა ყურადღება და შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს და თითოეულ პოლიციელს მადლობა გადაუხადა.
„თითოეული პოლიციელის როლი ამ პროცესების სწორად მართვაში იყო განსაკუთრებული და ძალიან მნიშვნელოვანი. მადლობა თითოეულ პოლიციელს მოთმინებისთვის. ვიცით არაერთი ფაქტი იმასთან დაკავშირებით, რისი მოთმენა უწევდათ პოლიციელებს ამ დღეების განმავლობაში. ეს იყო უმძიმესი შეურაცყოფა, უმძიმესი ფიზიკური თავდასხმები პოლიციელებზე, თუმცა საბოლოო ჯამში შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროცესები მართა ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით. თქვენ ნანახი გაქვთ მაგალითად ფრანგული კადრები, ჰოლანდიური, ამერიკული, გერმანული კადრები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ეპყრობიან დემონსტრანტებს იქაური პოლიციელები. როგორი უხეშია დაშლის ფორმები და ხშირად ეს დაშლა იღებს დარბევის სახეს. საქართველოსთვის 2012 წლის შემდეგ მიტინგის დარბევა არის აბსოლუტურად უცხო მოვლენა. ყოველ ჯერზე შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქმედებს უმაღლესი სტანდარტით ვახტანგ გომელაურის მინისტრობის პირობებში. გვქონდა გარკვეული შუალედური პერიოდი, როდესაც ერთ-ერთი შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც დღეს ოპოზიციის რიგებიდან ესვრის პიროტექნიკას პოლიციელებს, თავის დროზე თვალებს თხრიდა დემონსტრანტებს, როდესაც მას ერქვა შინაგან საქმეთა მინისტრი. ამას ის აკეთებდა თავის დროზე პატრონის დავალებით და დღეს უკვე პატრონის დავალებით ესვრის პოლიციელებს პიროტექნიკას”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის შეფასებით, დღეს არის განსხვავებული ვითარება, რადგან შინაგან საქმეთა მინისტრი არის ვახტანგ გომელაური. მთავრობის მეთაურმა ასევე მადლობა გადაუხადა სხვა სამართალდამცავ უწყებებს, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.
„ამერიკულზე და ევროპულზე ბევრად უფრო მაღალი სტანდარტით რეაგირებდა პოლიცია ყველა იმ კანონდარღვევაზე, რომელიც ვიხილეთ გასული დღეების განმავლობაში. ასევე მადლობა სხვა სამართალდამცავ უწყებებს, განსაკუთრებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. მათი როლი იყო ძალიან მნიშვნელოვანი. იყო რისკები, მათ შორის ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის და მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დამსახურებაა, რომ მაქსიმალურად ყველა რისკი თავიდან იქნა არიდებული”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.