ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ მასშტაბურ, უხეშ და სისტემურ ძალადობას არ გმობს არავინ, პირველ რიგში, ვგულისხმობ საერთაშორისო სუბიექტებს, რომელთა ფუნქციაა ასეთ საკითხებზე რეაგირება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, სისტემური ძალადობა იყო ინიცირებული მომიტინგეების მხრიდან, რეაგირება პოლიციის მხრიდან პროპორციული იყო, თუმცა არავითარი განცხადება მომიტინგეების სისტემურ, წინასწარ დაგეგმილ, კოორდინირებულ ძალადობასთან დაკავშირებით არ გაკეთებულა.
„მინდა გამოვეხმაურო გუშინ განვითარებულ მოვლენებს, მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა პირველ რიგში შინაგან საქმეთა სამინისტროს და თითოეულ პოლიციელს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ ვახტანგ გომელაურს. გუშინ, ისევე, როგორც გუშინწინ, თავიდან იქნა არიდებული მძიმე ინციდენტები, მიუხედავად იმისა, რომ იყო უპრეცედენტო ძალადობა პოლიციელების წინააღმდეგ. ტან ეს იყო წინასწარ ორგანიზებული, სისტემური და უხეში ძალადობა, რასაც მიმართავდნენ შესაბამისი დაჯგუფებების წევრები. ამ ფონზე განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადოთ პოლიციელებს მოთმინებისთვის. თქვენ ხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიციის ძალადობრივი დაჯგუფებების წარმომადგენლები სიტყვიერად და ფიზიკურად ძალიან უხეშად ძალადობდნენ პოლიციელებზე, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ მასშტაბურ, უხეშ და სისტემურ ძალადობას არ გმობს არავინ, პირველ რიგში, ვგულისხმობ საერთაშორისო სუბიექტებს, რომელთა ფუნქციაა ასეთ საკითხებზე რეაგირება. გუშინ, გუშინწინ არ იყო არავითარი ძალის გადამეტების შემთხვევებიც კი. თავიდან ბოლომდე, სისტემური ძალადობა იყო ინიცირებული მომიტინგეების მხრიდან. რეაგირება პოლიციის მხრიდან თავიდან ბოლომდე პროპორციული იყო, თუმცა არავითარი რეაგირება, არავითარი განცხადება მომიტინგეების სისტემურ, წინასწარ დაგეგმილ, კოორდინირებულ ძალადობასთან დაკავშირებით ჩვენ არ მოგვისმენია, რაც არის ძალიან სამწუხარო, მითუმეტეს, რომ ასეთ დუმილს, ძალადობრივი დაჯგუფებები აღიქვამენ, როგორც მწვანე შუქს, ძალადობის გასაგრძელებლად. ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ საერთაშორისო სუბიექტებს, დაეგმოთ სისტემური ძალადობა პოლიციელების და არა მხოლოდ პოლიციელების წინააღმდეგ. ძალადობის ობიექტები არიან სხვადასხვა ადამიანები, თუმცა არავითარი განცხადება დღემდე არ ისმის”, – განაცხადა პრემიერმა.