ყურადღება მინდა გავამახვილო პროვოკაციებზე, რომელიც ხორციელდება ჩვენს პარტიულ ოფისებზე, გუშინ სცადეს ქუთაისში ჩვენი ოფისისთვის ცეცხლის წაკიდება, დღეს ქვები დაუშინეს ზესტაფონში ჩვენს პარტიულ ოფისს და თავი გაუტეხეს ერთ-ერთ ქალბატონს, ოფისის თანამშრომელს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, „ქართულ ოცნებას” აქვს ათჯერ მეტი პარტიული რესურსი ოთხ პარტიასთან შედარებით, მაგრამ არ მოხდება ასეთ ფაქტებზე თუნდაც პროპორციულ რეაგირება.
„ყურადღება მინდა გავამახვილო პროვოკაციებზე, რომელიც ხორციელდება ჩვენს პარტიულ ოფისებზე. ეს მოხდა როგორც თბილისში, ასევე, რეგიონებში. გუშინ სცადეს ქუთაისში ჩვენი ოფისისთვის ცეცხლის წაკიდება, შემთხვევით ცეცხლი გააჩინეს სხვა სართულზე, მაგრამ ეს იყო ცეცხლის წაკიდების მცდელობა. დღეს ქვები დაუშინეს ზესტაფონში ჩვენს პარტიულ ოფისს და თავი გაუტეხეს ერთ-ერთ ქალბატონს, ოფისის თანამშრომელს და არის ასეთი მრავალი ფაქტი. ჩვენ გვაქვს ათჯერ მეტი პარტიული რესურსი ამ ოთხ პარტიასთან შედარებით, მაგრამ არ ვაპირებთ ასეთ ფაქტებზე თუნდაც პროპორციულ რეაგირებას. მათი მიზანია პროვოკაციები, მათი მიზანია, რომ ეს ყველაფერი გადაიზარდოს სამოქალაქო დაპირისპირებაში, რასაც ჩვენ რა თქმა უნდა, მოთმინებით ვუპასუხებთ და არ გვექნება თუნდაც პროპორციული რეაგირება ამ ყველაფერზე. “, – განაცხადა პრემიერმა.