საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი ეკა სეფაშვილი საქართველოს საგარეო უწყებისთვის ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის პასკალ ალიზარდის მიერ გაგზავნილ წერილს მედიასთან საუბარში ეხმიანება.
მისი თქმით, პასკალ ალიზარდის მიერ გაგზავნილი წერილი ცალსახად ნიშნავს საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმურობის აღიარებას.
„საქართველოს საგარეო უწყებისთვის ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის პასკალ ალიზარდის მიერ გაგზავნილი წერილი ცალსახად ნიშნავს საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმურობის დადასტურებას. ჩვენ ეს ისედაც ვიცოდით იმიტომ, რომ მანამდეც იყო ამის ნიშნები. არჩევნების შემდეგ ეუთო/ოდირმა პრესკონფერენციაზე საკმაოდ მოზომილი კომენტარი გააკეთა. რა თქმა უნდა, ცდილობდნენ, გარკვეულწილად ნეგატიური ელფერი მიენიჭებინათ თავისი განცხადებისათვის. ეუთო/ოდირი საბოლოო დასკვნაში საერთოდ აღარ საუბრობს, იმ რაღაც დარღვევებზე, რაზეც არჩევნების შემდეგ ამბობდა.
დასკვნაში მსგავსი არაფერი წერია და ეს არის ერთი ხელის მოსმით მთელი ამ აგენტურული ქსელის მიერ დაგეგმილი გეგმების გაცამტვერება. ეუთო/ოდირმა აღიარა საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმურობა, არჩევნების ჩატარების კორექტულობა და გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის სურვილი. ანუ ნარატივი, სადაც აგენტები იძახდნენ, რომ თურმე ჩვენ იზოლაციაში ვართ და არავის არ სურს ჩვენთან საუბარი აღმოჩნდა აბსოლუტურად წყალწყალა და მორიგი ტყუილი.
ეს ჩვენი ძალიან დიდი გამარჯვებაა იმიტომ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ეს კლასტერი, რომელიც გარე დავალებებს ასრულებს არ მოქმედებს მარტო. ისინი არიან გარე ძალებისგან მართულები. ამ სიტუაციაში კი სწორედ ეს გარე ძალა დამარცხდა, რაც გვაძლევს იმედს, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს მიმართ განხორციელებულ უსამართლო მოპყრობას და ორმაგ სტანდარტებს ნელ-ნელა ბოლო მოეღება. საბოლოო ჯამში ჩვენ დასავლეთს ვიხილავთ მყარად მდგარს, იმ ღირებულებებზე, რის გამოც გვინდა ინტეგრაცია. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მიმართ არასამართლიანი მოპყრობის გამო საქართველოში ევროკავშირის მიმართ ნდობა ისტორიულ მინიმუმზეა,“ -განაცხადა ეკა სეფაშვილმა.