კონფლიქტურ სივრცეში ბავშვების, მოსწავლეების შეყვანა და მათზე პასუხიმგებლობის დაკისრება, იწვევს მათ ტრავმირებას და არის დამანგრეველი – ფსიქოლოგი დალი ლაშხიძე

„სასწავლო პროცესის ჩაშლა ნიშნავს, იძულებას, მოარგო მოსწავლეს, სრულიად შეუსაბამო და არაადეკვატური  სოციალური როლი.“ – განაცხადა რადიო “სივრცის” ეთერში ფსიქოლოგმა, გეშტალტთერაპევტმა დალი ლაშხიძემ.

მისი თქმით,  ჩვენ ყველა ვართ ამ დაძაბული ველის ნაწილი და რთულია, არ გვქონდეს გარკვეული დამოკიდებულება, რაც გადადის ფსიქოზურ მდგომარეობაში. წინ არის წამოწეული ფსიქოლოგიური ძალადობაც.

მან სკოლის მოსწავლეების აქციებში ჩართვაზე ისაუბრა და ამ პროცესს მოსწავლეებისთვის დამანგრეველი უწოდა.

„არსებობს ექსპერიმენტი, რა დროსაც ადამიანებს აქვთ როლები ციხის პატიმრების და ზადამხედველების.  ადამიანი შედის რომელიმე როლში, ის ირგებს ამ პასუხისმგებლობას და ერგება ამ როლს. რატომ ვაკისრებთ ჩვენ უსუსურ, პატარა ბავშვებს, მოსწავლეეებს, რაიმე ტიპის პასუხისმგებლობას. ვერც ხვდებიან ისინი – სვამენ კითხვებს- დედა, რას აპროტესტებენ, რატომ არ უნდა წავიდეთ სკოლებში და ა.შ.  არიან გაურკვევლობაში, ჩვენ მათ ვაქცევთ მსხვერპლებად.
გარდა ამისა, ის რომ დემონსტრაციაზე წავიყვანოთ ბავშვი, გავიფიცოთ  და აღარაფერი ვაკეთოთ- ეს არის დამანგრეველი. როდესაც ცოლ- ქმარს აქვს კონფლიქტი, ჩხუბობენ და ამ კონფლიქტში შემოჰყავთ ბავშვი, ის იჭყლიტება შუაში და მისი საშუალებით ცდილობენ, შური იძიონ ერთმანეთზე. ასეთ დროს, ჩვენ, ფსიქოტერაპევტები, ვაძლევთ რჩევას, რომ  გავიყვანოთ ბავშვი ამ კონფლიქტიდან. ახლა  კი, ვხედავ პროცესს, რომ ამ კონფლიქტურ სივრცეში შეჰყავთ მოსწავლეები, ბავშვები, განტევების ვაცი და მათ ვაკისრებთ პასუხისმგებლობას, რაც იწვევს ბავშვების  ტრავმირებას. ამ არასრულწლოვნებს  დასჭირდებათ  დარჩენილი ცხოვრება თერაპიაში გაატარონ.“- განაცხადა დალი ლაშხიძემ.

Back to top button