„ქუინსი ინსტიტუტი“: საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ევროკავშირის მიერ წარდგენილ პირობებში წყალქვეშა ქვები იმალებოდა – „ქართულ ოცნებას“ უნდა გაეყო ხელისუფლება ოპოზიციისთვის

ვაშინგტონში განთავსებული კვლევითი ორგანიზაცია „ქუინსი ინსტიტუტი“ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ მორიგ სტატიაში ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესზე, არსებულ სირთულეებზე და ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე წერს.

სტატიის ავტორის, ალმუტ როხოვანსკის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანება ბუნდოვანი პროცესია, ამიტომ მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, რა მოხდა სინამდვილეში.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის ასოცირებული ქვეყნის სტატუსის მიღებიდან რვა წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირის რეგულაციები უფრო სწრაფად მიიღო, ვიდრე სხვა ასოცირებულმა ქვეყნებმა, შესაბამისად, საქართველოს უფლება მიეცა, 2022 წლის მარტში წარედგინა განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.

ავტორის შეფასებით, ევროკავშირმა წარმოადგინა ფართოდ ფორმულირებული „პრიორიტეტები“ – პირობები, რომლებიც საქართველოს უნდა შეესრულებინა კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
„წვრილ შრიფტში წყალქვეშა ქვები იმალებოდა: „ქართულ ოცნებას“ უნდა გაეყო ხელისუფლება ოპოზიციისთვის, ევროკავშირის მიერ დანიშნულ უცხოელ ექსპერტებს უნდა მისცემოდათ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების შესაძლებლობა, სანქციების დაწესებისა და მთავრობის გადადგომის მომხრე არასამთავრობო ორგანიზაციებს მონაწილეობა უნდა მიეღოთ კანონებისა და პოლიტიკის შემუშავებაში. კიდევ ერთ პრიორიტეტად განისაზღვრა “დეოლიგარქიზაცია”, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, ეწინააღმდეგებოდა ევროკავშირის ნორმებს სამოქალაქო უფლებათა სფეროში. ამ პრიორიტეტებთან დაკავშირებით „ბაგირის გადაწევის“ უშედეგოდ დასრულების შემდეგ, 2023 წლის დეკემბერში საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.

ბოლო წლების განმავლობაში, ევროკავშირში გაწევრიანება ტექნოკრატიულ-მენეჯერული პროცესიდან დაბრკოლებებით სავსე პროცესად იქცა, რომლის ყოველ ეტაპზე შესაძლებელი გახდა თვითნებური ახალი მოთხოვნების წამოყენება. საქართველომ კანდიდატის სტატუსი კი მოიპოვა, მაგრამ მას ავტომატურად არ მოჰყვება გაწევრიანების შესახებ „მოლაპარაკებები“. მთავრობას ჯერ კიდევ უწევს, დათანხმდეს იმ ძველ პრიორიტეტებს, რომლებსაც „ქართული ოცნება“ ქვეყნის სუვერენიტეტთან შეუთავსებლად მიიჩნევს. გარდა ამისა, ჯერ კიდევ ივნისში და, მოგვიანებით, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ევროკავშირმა გამოაცხადა, რომ „აჩერებს“ საქართველოს გაწევრიანების პროცესს განუსაზღვრელი ვადით და მიზეზად ასახელებს საქართველოს კანონებს არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოური დაფინანსებისა და ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ. ასევე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი საქართველოსთვის აუქმებს 121 მილიონი ევროს ოდენობის საბიუჯეტო მხარდაჭერას“, – წერს სტატიის ავტორი და აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრ კობახიძის განცხადებამდე, საქართველო იყო ისეთ ვითარებაში, რომლის ანალოგიც ევროკავშირის გაფართოების ისტორიას არ ახსოვს.

Back to top button