ელენე ხოშტარია: მე ვარ ორგანიზატორი და პასუხისმგებლობას ვიღებ ამ აქციებზე, ყველაფერი გვაქვს, რაც აქციისთვის საჭიროა – ძალიან ბევრი პარალონები, ფოიერვერკები, ამიტომ კიდევ შევიძენთ, მოვიტანთ და ზუსტად იმავეს გავაგრძელებთ

„ჩვენ აქ ნამდვილად გვაქვს აქციისთვის ძალიან ბევრი პარალონები, პლედები, ფოიერვერკები, სნიკერსები, კვერცხები, რომ ვესროლოთ პოლიციას, ყველაფერი, რაც საჭიროა იმისთვის, რომ იყოს პროტესტი“, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ „დროას“ ოფისში საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობის შესახებ განაცხადა.

როგორც ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, ის არის აქციების ორგანიზატორი და პასუხისმგებლობასაც იღებს. ამიტომ, ამით არაფერი იცვლება. კიდევ შეიძენენ, მოიტანენ და იმავეს გააგრძელებენ, რასაც აქამდე აკეთებდნენ.

„ძალიან სასაცილოა, ლაზერებს, საღებავებს აღრიცხავენ და მე მათ განვუმარტე, რომ ეს პოლიცია არის რუსული პოლიცია, ეს პოლიცია არის ანტიკონსტიტუციური პოლიცია, ეს პოლიცია ემსახურება ივანიშვილს, ეს პოლიცია მიდის ევროპის წინააღმდეგ, ამიტომ, საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის რას გადაჩხრეკენ, რას იზამენ, ვის რას დააბრალებენ. მე თვითონ ვუთხარი, რომ დიახ, მე ვარ ორგანიზატორი და პასუხისმგებლობას ვიღებ ამ აქციებზე. რა თქმა უნდა, ეს არის ხალხის გადაწყვეტილება და ხალხის აქცია, მაგრამ დიახ, ყველაფერს ამას ჩვენ ვიყენებთ აქციებზე. ლაზერებს ძალიან დიდი ენთუზიაზმით [ეძებენ], მაგას თავი დავანებოთ, შევიძენთ, მოვიტანთ, ზუსტად იგივეს გავაგრძელებთ, რასაც ვაკეთებდით“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

Back to top button