„კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრი გიგა ლემონჯავა: ყველა ნივთი, დაწყებული საკანცელარიო ნივთებიდან, დასრულებული გენერატორებით, ფეიერვერკებით, „ნატრი ქლორით“, რაც ამ ოფისში ინახება, განკუთვნილია, ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის

„კოალიცია ცვლილებისთვის” და პარტია „დროას“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ლემონჯავას განცხადებით, ყველა ნივთი, რაც მათ ოფისშია, ემსახურება არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას. ამის შესახებ ლემონჯავამ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საკანცელარიო ნივთებით დაწყებული, გენერატორებით და ფეიერვერკებით დამთავრებული, რასაც ჩხრეკის დროს იპოვიან, ყველაფერი სამოქალაქო წინააღმდეგობისთვის არის განკუთვნილი.

„მე მინდა ძალიან ცხადად, ღიად, პირდაპირ ვთქვა, რომ ყველა ნივთი, დაწყებული საკანცელარიო ნივთებიდან, გაგრძელებული სტუდიური ტექნიკით, დასრულებული გენერატორებით, ფეიერვერკებით, „ნატრი ქლორი“ – ეს წყალი, რომელსაც ვიყენებთ რაც გაზით გვწამლავენ – ყველა ნივთი, რაც ამ ოფისში ინახება, განკუთვნილია, ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. დიახ, არაფერი ჩხრეკა ამას არ სჭირდება, პირდაპირ ვამბობ – ნებისმიერ ნივთს, რასაც ოფისში იპოვით, განკუთვნილია სამოქალაქო მშვიდობიანი წინააღმდეგობისთვის, ამ ქვეყნის გარუსების წინააღმდეგ. არავითარი ჩხრეკა არ გჭირდებათ“, – განაცხადა გიგა ლემონჯავამ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრო რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ოფისებში საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.

Back to top button