ანკარაში საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ყოველწლიური სხდომა გაიმართა

ანკარაში საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ყოველწლიური სამმხრივი სხდომა გაიმართა. სხდომაში საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით მონაწილეობდა.

სიტყვით გამოსვლისას ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის ურთიერთობებში არსებული საერთო პრიორიტეტები, რეგიონში მიმდინარე უსაფრთხოების გამოწვევები, სამმხრივი თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები, საერთაშორისო ორგანიზაციებში კოორდინაციის მნიშვნელობა და სამ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილა.

თავის გამოსვლებში აზერბაიჯანის და თურქეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებმა კიდევ ერთხელ მიულოცეს ქართველ დეპუტატებს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება და გამოხატეს მზაობა, რომ საქართველოს ახალი მთავრობისა და პარლამენტის პირობებში, გააქტიურონ თანამშრომლობა დღის წესრიგში არსებულ საკითხებზე და შეიმუშაონ პარტნიორობის ახალი მიმართულებები.
თურქმა და აზერბაიჯანელმა კანონმდებლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა კვლავ დაადასტურეს.

შეხვედრაზე ასევე განხილეს რეგიონული თანამშრომლობის ისეთი საკითხები, როგორიცაა: ვაჭრობა, ეკონომიკა, თავდაცვა, ენერგეტიკა, კულტურა, განათლება და ტურიზმი.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საპარლამენტო თანამშრომლობის მნიშვნელობას და საპარლამენტო კავშირების გაღრმავებას. ამ კონტექსტში, მხარეებმა არსებული სამმხრივი ფორმატის გაფართოების შესაძლებლობები და ახალი მექანიზმების შემუშავების საკითხი განიხილეს, რომელიც არსებულ პლატფორმას მეტად გააძლიერებს.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.

Back to top button