„სტრასბურგის სასამართლომ არ დაადგინა დავით კეზერაშვილის მიმართ პოლიტიკურ დევნა და მიიჩნია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი კეზერაშვილის დამნაშავედ ცნობის შესახებ, სამართლიანია და მის მიმართ არ დარღვეულა უდანაშაულობის პრეზუმფცია,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი და აფასებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე „კეზერაშვილი საქართველოს წინააღმდეგ”.
მეგრელიშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა დავით კეზერაშვილის მხრიდან, მისი თავდაცვის მინისტრობის დროს ქართული ჯარისთვის განკუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვა.
„სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „კეზერაშვილი საქართველოს წინააღმდეგ” დაადასტურა კეზერაშვილის მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენა და აღიარა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენის კანონიერება.
კერძოდ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ დავით კეზერაშვილმა მისი თავდაცვის მინისტრობის დროს, 2008 წლის ომამდე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაფლანგა ქართული ჯარისთვის განკუთვნილი დიდი ოდენობით თანხა, კერძოდ 5 მილიონ 60 ათასი ევრო, დღევანდელი კურსით დაახლოებით თხუთმეტი მილიონი ლარი. ეს მოხდა შემდეგი სქემით – 2008 წლის ომამდე კანონმდებლობის დარღვევით მან დადო ხელშეკრულება ოფშორში დარეგისტრირებულ კომპანიასთან ქართული ჯარის საბრძოლო წვრთნის თაობაზე, რაც არ ჩატარებულა, მაგრამ ბიუჯეტიდან მაინც გადაირიცხა 5 მილიონ 60 ათასი ევრო.
შესაბამისად, დავით კეზერაშვილმა საკუთარი უფლებამოსილების გამოყენებით ქართულ სახელმწიფოსა და ჯარს უღალატა მოჰპარა რა დიდი ოდენობით თანხა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სტრასბურგის სასამართლომ არ დაადგინა დავით კეზერაშვილის მიმართ პოლიტიკურ დევნა და მიიჩნია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი კეზერაშვილის დამნაშავედ ცნობის შესახებ, სამართლიანია და მის მიმართ არ დარღვეულა უდანაშაულობის პრეზუმფცია. სტრასბურგის სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ, დავით კეზერაშვილი უნდა გამოცხადდეს ქვეყნის მოღალატედ, მან პასუხი უნდა აგოს ქართული ჯარისა და სახელმწიფოს ღალატისთვის,” – წერს თამთა მეგრელიშვილი.