„ერთი უნდა ითქვას ის, რომ ეს ჩვენი შიდა აგენტურა სანქციებს რომ ითხოვდა, რეალური, პატარა საჩუქარი, უკრაინიდან წამოსული სანქციების სახით გადმოუგდეს. თავისთავად ყველა სხვა განცხადებას სანქციებთან დაკავშირებით უფრო სერიოზული სახელმწიფოებისგან, ვფიქრობ, რომ არ უნდა განიხილებოდეს ლოგიკურად, თუნდაც მათი მხრიდანვე, იმიტომ, რომ ამ სანქციებს არ გააჩნია არანაირი ლეგიტიმური დასაბუთება, არანაირი მიზნობრიობა, არანაირი არგუმენტები“, – ასე უპასუხა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა შეკითხვას აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თქმითაც, აშშ ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისთვის ემზადება.
წილოსანის განცხადებით, სანქციების დაწესების არანაირი საფუძველი არ არსებობდა და ამისთვის გამოიყენეს უკრაინა, სადაც უმძიმესი საომარი მდგომარეობაა, აშშ-ის მხრიდან კი აღნიშნული განცხადებები მცდელობაა, რომ დონალდ ტრამპის ახალი ადმინისტრაციის მოსვლამდე რეგიონში გარკვეული დაძაბული ვითარება შეინარჩუნონ.
„რატომ შეიძლება დემოკრატიულმა სახელმწიფომ რომელიმე სხვა სახელმწიფოს წარმომადგენლების მიმართ განახორციელოს სანქცირება, როდესაც ამის არანაირი საფუძველი არ აქვს. ამიტომ, ამისთვის გამოყენებულ იქნა სახელმწიფო – უკრაინა, სადაც უმძიმესი საომარი მოცემულობა არის, სადაც ფაქტობრივად მათი ხელისუფალი რით არის დაკავებული როდესაც ომის პირობებში ქართველ პოლიტიკოსები თუ სხვა წარმომადგენლებს ასანქცირებს, რა თქმა უნდა, საინტერესო და საკითხავია, ამიტომ ვფიქრობ, რომ აშშ-ის მხრიდან აღნიშნული განცხადებები მცდელობა არის, რომ დონალდ ტრამპის ახალი ადმინისტრაციის მოსვლამდე და მისი უფლებამოსილების შედგომამდე გარკვეული რაღაც დაძაბული ვითარება შეინარჩუნონ რეგიონში. იმედი გვაქვს რა თქმა უნდა, ამ მდგომარეობის და ურთიერთობის დასტაბილურების, ყოველ შემთხვევაში ჩვენი კურსი არის განუხრელად დასავლური, ჩვენი მცდელობა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენს პარტნიორებთან აღვადგინოთ და გავაგრძელოთ კარგი ურთიერთობა ეს თავისთავად არაერთხელ არის გაცხადებული და როგორც დღეს მთლიანად ჩვენი პარტიის ლიდერებიდან დაწყებული, თითოეული ჩვენგანი ვაცხადებთ, რომ გახსენით მოლაპარაკებები და ჩვენ ვაწერთ ხელს, ასევე არის ყველა ნორმალურ და პარტნიორულ ურთიერთობებზე, განაახლეთ დაიწყეთ, აღადგინეთ პარტნიორული ურთიერთობები ნუ გველაპარაკებით შანტაჟის ენით და ჩვენ მზად ვართ, რომ ისევე როგორც აქამდე ვიყოთ ღირსეული პარტნიორები“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.