„მინდა, ჟიგიმანტასიდან დაწყებული, აქაური აგენტურა და იქაური დავალებების მიმცემები დავამშვიდო, რომ ჰერჩინსკის ლეგიტიმაცია არ მიუცია ხელისუფლებისთვის. ლეგიტიმაცია მისცა ერმა და ბერმა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, საქართველოს მოსახლეობის ამომრჩეველთა უმრავლესობამ ქვეყნის მართვის ლეგიტიმაცია მიანიჭა „ქართულ ოცნებას“.
„ჰერჩინსკის მიერ ლეგიტიმაციის მიცემა აქ არ არის მთავარი. ჰერჩინსკიც შეგვხვდება, სხვა ელჩებიც შეგვხვდებიან და გაგრძელდება ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში. ამიტომ, დაანებონ იმ კაცს თავი. ხომ ხედავენ, გუშინ გამოვიდა ეს კაცი და რაც შეეძლო, თავიდან ბოლომდე მხარი დაუჭირა მათ და დღეს, იმიტომ, რომ ხელი ჩამოართვა საგარეო საქმეთა მინისტრს, ეს არც ლეგიტიმაციის საფუძველია და არც უმაგისობაზეა საუბარი.
შესაბამისად, ლეგიტიმაციას ჩვენ გვაძლევს ქართველი ხალხი. ხალხია ხელისუფლების წყარო და არა თუნდაც ევროპის რომელიმე წარმომადგენელი. მაგრამ, ამის შემდეგ გრძელდება ცხოვრება. ევროკავშირის ელჩიც ხელს ჩამოართმევს, ითანამშრომლებს და ყველაფერი კარგად იქნება. დაანებონ იმ კაცს თავი, მათკენ არის, რაც შეუძლია. პიროვნულად არაფერი, შესანიშნავი ადამიანია პიროვნულად, მაგრამ რაღაც მითითებები როცა მოდის, იმას ახმოვანებს და არსებული ბიუროკრატიის მითითებებში, მათი მხარდაჭერა ძალიან ხშირად ჩანს ხოლმე. ლეგიტიმაციის საფუძველი მისი შეხვედრა და ხელის ჩამორთმევა კი არ არის, ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორაშვილთან შეხვედრის გამო სოციალურ ქსელში გააკრიტიკა. „გრცხვენოდეს, პაველ ჰერჩინსკი, თქვენ არ წარმოადგენთ ევროკავშირს 0″- დაწერა მან.