მოლდოვის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით ენერგეტიკის სფეროში საგანგებო მდგომარეობის შემოღებას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას მოლდოვური მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, საგანგებო მდგომარეობა 60 დღით იქნება შემოღებული, და ის 16 დეკემბრიდან ამოქმედდება. საგანგებო მდგომარეობის ინიციატორი მოლდოვის მთავრობა იყო.
პარლამენტის შესაბამის დადგენილებას მხარი მმართველი პარტიის „მოქმედება და სოლიდარობა“-ს 56 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კომუნისტებისა და სოციალისტების ოპოზიციური ბლოკის 17 დეპუტატი წინააღმდეგი იყო, ხოლო ორმა თავი შეიკავა. საგანგებო მდგომარეობის შემოღება რუსეთიდან გაზის იმპორტის შეჩერების საფრთხეს უკავშირდება.
როგორც მოლდოვური მედია იუწყება, ქვეყანა კონტრაქტის მიხედვით რუსეთიდან გაზს 2026 წლამდე უნდა იღებდეს. 2022 წლის შემოდგომიდან რუსულმა ენერგოგიგანტმა „გაზპრომმა“ გაზის მიწოდება დღეში 5,7 მილიონ კუბურ მეტრამდე შეამცირა, რაც გაცილებით ნაკლებია იმაზე, რასაც მოლდოვის მოსახლეობა ზამთრის პერიოდში მოიხმარს.
2023 წლის ბოლოდან კი, იმპორტირებული რუსული გაზის დიდი ნაწილი დნესტრისპირეთში თბოელექტროსადგურს ხმარდება, რათა მან ელექტროენერგია გამოიმუშაოს.
ამა წლის ნოემბრის ბოლოს მოლდოვის ენერგეტიკის უკვე ყოფილი მინისტრი ვიქტორ პარლიკოვი რუსეთში ჩავიდა და „გაზპრომის“ ხელმძღვანელთან ალექსეი მილერთან მოლაპარაკებები გამართა, თუმცა უშედეგოდ. მოგვიანებით პარლიკოვი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.