საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით, მონეტარული პოლიტიკის განვითარების თემაზე ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კონფერენციის მიზანი მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს არსებული გამოწვევებისა და სამომავლო დახვეწის შესახებ დისკუსიების გამართვა და ანალიზი იყო.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მსოფლიოს წამყვანი ეკონომისტები – მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროფესორი, კვიპროსის ცენტრალური ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ათანასიოს ორფანიდესი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონეტარული და კაპიტალის ბაზრების დეპარტამენტის დირექტორი ტობიას ადრიანი, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მთავარი მრჩეველი რობერტ თითლოუ და ჩეხეთის ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ზდენიეკ ტუმა.
კონფერენცია სიტყვით გახსნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ, რომელმაც ხაზი გაუსვა მონეტარული პოლიტიკის განვითარების მნიშვნელობას და არსებულ ტენდენციებს.
„გლობალურად და განსაკუთრებით, რეგიონში მაღალი გაურკვევლობების ფონზე, ვითარება სწრაფად ცვალებადია. ამ ფონზე მნიშვნელოვანია, იმის განსაზღვრა, თუ როგორ მოიქცევა ეროვნული ბანკი სხვადასხვა სცენარის განვითარების შემთხვევაში. სწორედ ამ თემაზე გვქონდა საუბარი კონფერენციაზე, სადაც მსოფლიოს წამყვანი ეკონომისტების ხედვები მოვისმინეთ და მიღებული უკუკავშირის მიხედვით გავაგრძელებთ მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს კიდევ უფრო დახვეწას. ნებისმიერ შემთხვევაში, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის შედეგად ფასების სტაბილურობა შენარჩუნებული იქნება“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
სებ-ის ინფორმაციით, საერთაშორისო კონფერენციას ესწრებოდნენ: საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ენდრიუ ჯუველი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი. კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ ჩეხეთის, სომხეთის, ყაზახეთისა და სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების ეკონომისტები, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებისა და ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლები და ადგილობრივი ექსპერტები.
ღონისძიების ფარგლებში პრეზენტაციები წარადგინეს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, რომლებმაც მიმოიხილეს მონეტარული პოლიტიკის გამოწვევები და სტრატეგიების შემუშავება მცირე ღია განვითარებადი ეკონომიკებისთვის.
კონფერენციის ფარგლებში ასევე გაიმართა პანელური დისკუსიები. მოწვეულმა უცხოელმა და ადგილობრივმა ეკონომისტებმა მცირე ზომის ღია განვითარებადი ეკონომიკებისთვის მონეტარული პოლიტიკის არსებულ გამოწვევებზე, მისი გადაჭრის გზებსა და პოლიტიკის ჩარჩოს განვითარების შესახებ იმსჯელეს.