სოზარ სუბარი: მარგველაშვილის ხაზი ზურაბიშვილმა გააგრძელა, ოღონდ გაცილებით შორს წავიდა, იმიტომ რომ პრაქტიკულად ღიად გამოაცხადა, რომ ის ასრულებს უცხოური ძალების დაკვეთებს საქართველოში

საპრეზიდენტო სასახლის დატოვებაზე სალომე ზურაბიშვილის მიერ გაცხადებულ უარს, კომიკურად აფასებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სიტუაცია ერთდროულად კომიკურიც არის და სამარცხვინოც, რადგან ზურაბიშვილის ასეთი საქციელი ქვეყნის იმიჯზე იმოქმედებს უარყოფითად.

სოზარ სუბარი იმედოვნებს, რომ ვადის ამოწურვის შემდეგ, ზურაბიშვილი არ ჩაიგდებს თავს ამგვარ ვითარებაში და მორიგ ჯერზე არ დაარღვევს საქართველოს კანონმდებლობას.

„ძალიან კომიკურია იმის წარმოდგენა, როგორ ზის თავის ოთახში სალომე ზურაბიშვილი და ეჭიდება სკამს. მაგრამ ეს სურათი კომიკურთან ერთად სამარცხვინოცაა, რადგან ეს ქვეყნის იმიჯზე ძალიან ცუდად აისახება, თუმცა, იმედს ვიტოვებ, რომ ასე არ მოხდება.

არ მინდა ამ საკითხის იურიდიულ მხარეს ჩავუღრმავდე, მაგრამ ერთი წუთი წარმოიდგინეთ, რომ ვიღაც ადამიანები – პოლიტიკოსები, თუ მათი მხარდამჭერები, შედიან პრეზიდენტის სასახლეში მას შემდეგ, რაც ზურაბიშვილს ვადა ეწურება და აცხადებენ, რომ ამ შენობიდან არ გავლენ. ასეთი ქმედება, რა თქმა უნდა, დანაშაულია და მას შესაბამისი რეაგირებაც მოჰყვება. ზოგადად, პრეზიდენტის ინსტიტუტის რეიტინგული დაზიანება დაიწყო გიორგი მარგველაშვილმა, როდესაც დაიწყო ჭიდაობა, რომ სწორედ ის უნდა წარმდგარიყო გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს სახელით.

მის მიერ დაწყებული ეს კინკლაობა ანტიკონსტიტუციურიც იყო და სამარცხვინოც. როგორც წესი, ასამბლეაზე ყველა ქვეყანას მთავრობის მეთაური წარმოადგენს – საპრეზიდენტო ქვეყნებიდან პრეზიდენტები ჩადიან, საპარლამენტო რესპუბლიკებიდან კი, მთავრობის მეთაურები. საქართველო იყო ერთადერთი ქვეყანა, სადაც მარგველაშვილმა ასეთი სამარცხვინო ვითარება შექმნა. სალომე ზურაბიშვილი, სამწუხაროდ, გაცილებით შორს წავიდა – მან პრაქტიკულად ღიად დაიწყო საქართველოში უცხოური ძალების დაკვეთების შესრულება და აბსოლუტურად არ აინტერესებს საკუთარი ამომრჩევლისა და ქართველი ხალხის ბედი. მიხეილ ყაველაშვილი კი. იქნება პრეზიდენტი, ვინც ამ ინსტიტუტს კონსტიტუციურ ჩარჩოში მოაქცევს,” – განაცხადა სოზარ სუბარმა.

Back to top button