„სალომე ზურაბიშვილი ამ განცხადებით კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მისთვის არის პირად კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანი ამ ძალიან მაღალი კონსტიტუციური პოზიციის თუნდაც არალეგიტიმურად ფლობა და დაკავება“, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადების შესახებ საუბრისას განაცხადა, რომლის თქმითაც, ის არ აპირებს პრეზიდენტის თანამდებობის დატოვებას.
როგორც მიქანაძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილმა რა განცხადებაც არ უნდა გააკეთოს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ მას უფლებამოსილება შეუწყდება.
„სალომე ზურაბიშვილი ამ განცხადებით კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მთელი ის მოღალატეობრივი საქმიანობა, რომელიც განსაკუთრებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში მისი ხელმძღვანელობით და უშუალო ჩართულობით ქვეყნის საზიანოდ წარმოებდა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ მხოლოდ და მხოლოდ იმაზე იყო ორიენტირებული, რომ მას პოზიცია შეენარჩუნებინა.
ამიტომ, მისი განცხადება აბსოლუტურად არანაირ ინტერესს არ იწვევს გამომდინარე იქიდან, რომ მას შემდეგ, რაც მოხდება ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია, მისი უფლებამოსილება ავტომატურად შეწყდება და შესაბამისად, საქართველოს ეყოლება და 2025 წელს შეხვდება ახალი პრეზიდენტით. მიხეილ ყაველაშვილი მიულოცავს საქართველოს საზოგადოებას 2025 წლის დადგომას.
ამიტომ, ზურაბიშვილმა რა განცხადებებიც არ უნდა გააკეთოს, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმიტომ, რომ ხალხისგან ლეგიტიმაცია მიცემული პარლამენტის, უმაღლესი საბჭოებისა და საკრებულოების წევრებისგან შემდგარმა დელეგატებმა გუშინ განახორციელეს ახალი სისტემით ახალი პრეზიდენტის არჩევა და შესაბამისად, ინაუგურაციის შემდეგ ის შეუდგება თავისი უფლებამოსილების შესრულებას“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.