ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი იმისათვის, რომ საქართველოში არ განხორციელებულიყო ის სცენარი, რომელიც განხორციელდა უკრაინაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, ქართული საზოგადოება არის უფრო გამოცდილი და საზოგადოების თანადგომით ხელისუფლებამ შეძლო საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საფრთხეების თავიდან აცილება.
„ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი, მნიშვნელოვანი გაფრთხილება. ჩვენ სწორედ ამას ვაკეთებთ მთელი ამ სამი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო სამი წლის განმავლობაში. ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი იმისათვის, რომ საქართველოში არ განხორციელებულიყო ის სცენარი, რომელიც განხორციელდა უკრაინაში. ყველაფერი დაიწყო 2013 წელს მაიდნით, ამას მოჰყვა მაიდნის დასრულებისთანავე რამდენიმე დღეში პირველი ომი, მოგვიანებით ამას მოჰყვა მეორე ომი და დღეს ჩვენი მეგობარი ქვეყანა, უკრაინა არის განადგურებული, ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით ერთი მეოთხედი არის ქვეყნიდან გასული ან ქვეყნის შიგნით არის დევნილად ქცეული. დაღუპულია ასი ათასობით უკრაინელი. ეს ყველაფერი მოუტანა სწორედ იმან უკრაინას, რომ სათანადო სიფრთხილე ვერ გამოიჩინა მაშინ საზოგადოებამ. ქართული საზოგადოება არის უფრო გამოცდილი და შესაბამისად, სწორედ ქართული საზოგადოების თანადგომით ჩვენ შევძელით საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საფრთხეების თავიდან აცილება და პირველ რიგში შევძელით ჩვენი ქვეყნისთვის ომის თავიდან აცილება”, – განაცხადა პრემიერმა.