ხელახალი არჩევნები შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცესკო ან სასამართლო, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლო არჩევნების შედეგებს გააბათილებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ცესკომ შეაჯამა არჩევნების შედეგები, საკონსტიტუციო სასამართლომაც დაადასტურა არჩევნების ლეგიტიმურობა, შესაბამისად, ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს.
„რაც შეეხება არჩევნების დანიშვნას, აქ სამართლებრივად მარტივად არის საქმე, არჩევნების დანიშვნას აქვს სამი კონკრეტული საფუძველი ჩვენი კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მიხედვით. რაც შეეხება ხელახალ არჩევნებს, ხელახალი არჩევნები შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცესკო ან სასამართლო, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლო არჩევნების შედეგებს გააბათილებს. თქვენ იცით, რომ ცესკომ შეაჯამა არჩევნების შედეგები, სასამართლოშიც განხილული იქნა ყველა საჩივარი. საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა თავად სალომე ზურაბიშვილმა, ოპოზიციურ პარტიებთან და ენჯეოებთან ერთად და საკონსტიტუციო სასამართლომაც დაადასტურა არჩევნების ლეგიტიმურობა.
შესაბამისად, ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს ჩვენი კონსტიტუციის და კანონმდებლობის თანახმად. რაც შეეხება მორიგ არჩევნებს, მორიგი არჩევნები ინიშნება მას შემდეგ, რაც პარლამენტს ამოეწურება ოთხწლიანი ვადა. ცხადია, რომ ეს საფუძველიც არ არსებობს. რიგგარეშე არჩევნები კონსტიტუციის თანახმად ინიშნება ერთადერთ შემთხვევაში, როდესაც პარლამენტი ნდობას არ უცხადებს მთავრობის შემადგენლობას. როგორც მოგეხსენებათ, პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა მთავრობის შემადგენლობას, შესაბამისად, ეს მესამე საფუძველიც არ არის სახეზე. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტის შესაბამისი განცხადება იქნებოდა სრულიად კომიკური, თუმცა კომიკურთან ერთად ეს იქნებოდა სისხლის სამართლის დანაშაულიც. სისხლის სამართლის კოდექსში არის შესაბამისი ჩანაწერები, რომლებიც ასეთი ქმედებისთვის ითვალისწინებს მრავალწლიან სასჯელს, თავისუფლების აღკვეთის სახით, ვიღაც ჭკვიანმა ურჩია სალომე ზურაბიშვილს, ეს არ გაეკეთებინა, მან საბოლოო ჯამში, ითხოვა ერთი დღე, დღეს 21:00 საათამდე და კიდევ აქვს მოსაფიქრებელი დრო ამისათვის. ვნახოთ, ვინ გადაწონის, ვიღაც ჭკვიანი თუ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც არ არის ვიღაც ჭკვიანი. საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ „დიფ სთეითი” არ ჩერდება, თუმცა, ხელისუფლება ბოლომდე მიიყვანს დაწყებულ საქმეს და არა მხოლოდ სახელმწიფოს დაიცავს, არამედ, სისტემასაც ბოლომდე გაწმენდს აქაური „დიფ სთეითის” ნარჩენებისგან, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქართული სახელმწიფოს და ჩვენი საზოგადოების წინაშე”, – განაცხადა პრემიერმა.