ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე შეთანხმება შედგა, რომ ბიზნესთან დისკუსია შემდგომშიც გაიმართება

პირველი ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრისას შეთანხმება შედგა, რომ ბიზნესთან დისკუსია შემდგომშიც გაიმართება. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა შეხვედრის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, პრემიერ-მინისტრი მზად არის დიალოგისა და დისკუსიისთვის საზოგადოების ყველა ჯგუფთან, მათ შორის ბიზნესთან.

„აქედან გამომდინარე გადაწყდა, რომ მომავალშიც დაიგეგმება შეხვედრა, სადაც უფრო მეტად განსხვავებული აზრის მქონე ბიზნესმენები იქნებიან ჩართულები, რათა მათ მიიღონ განმარტებები იმ პოლიტიკაზე, რომელიც დღეს ქვეყანაში ხორციელდება. ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას, რომელიც მათ ალბათ თავიანთ მომავალ გადაწყვეტილებებში მიეხმარება, რომ სტაბილურად გააგრძელონ ბიზნესის კეთება და ინვესტირება ჩვენს ქვეყანაში. ასევე ვფიქრობ, ღია ეთერში დისკუსია საზოგადოებისთვისაც ძალიან საინტერესო იქნება”, – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ლევან დავითაშვილის შეფასებით, შეხვედრა ოპონირების ფორმატში უფრო ეფექტური იქნება იმისთვის, რომ საზოგადოებას მიეწოდოს არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია, მათ შორის, უფრო ნათლად იყოს წარმოჩენილი ხელისუფლების პოზიციები. მისი თქმით, შეხვედრა უახლოეს ხანებში გაიმართება და ბიზნეს-სექტორი თავად გადაწყვეტს, თუ ვინ იქნება წარმოდგენილი ბიზნესის სახელით.

Back to top button