ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური უქმე დღეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური უქმე დღეებში საქმიანობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 24 დეკემბრის №441 დადგენილების და შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის გათვალისწინებით, 2025 წლის 3 იანვარი, 6 იანვარი და 8 იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით დღეებში, გაფორმების ეკონომიკური ზონები, საბაჟო გამშვები პუნქტები, ასევე გაფორმების განყოფილებები და საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველო ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ საქმიანობას. აღნიშნულ თარიღებში, 18:00 საათამდე გაწეულ მომსახურებზე, არ გაორმაგდება საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრული ტარიფები.

აქვე გაცნობებთ, რომ 2025 წლის 3 იანვარი, 6 იანვარი და 8 იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით პერიოდში, საქართველოს მასშტაბით არ იმუშავებენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის სერვისცენტრები.

ამასთან, 2025 წლის 6 იანვარს, ასევე 8 იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით, სასურველი ინფორმაციის მისაღებად, 10:00 საათიდან – 18:00 საათამდე, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრს – 2 299 299 ან ისარგებლოთ RS ჩატის მეშვეობით ან მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე info@rs.ge

გთხოვთ, აღნიშნული გაითვალისწინოთ სერვისებით (მ.შ. ელექტრონული) სარგებლობისას“, – ნათქვამია განცხადებაში.

Back to top button