გიორგი ისაკაძე: „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმის მთავარი როლის შემსრულებელი

ბიზნესის „თავისუფლების სადარაჯოზე“ მყოფი გიორგი ისაკაძე, სულ რამდენიმე წლის წინ ბიზნესის რეკეტსა და გაკოტრებაში თავად მონაწილეობდა. ზურაბ ადეიშვილის მიერ დაგეგმილი „ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი სწორედ ისაკაძეა. მივყვეთ მოვლენებს თანმიმდევრულად:

„ბანკი ქართუსთვის“ ფინანსური პრობლემების შექმნის და მისი ხელოვნური გაკოტრების მიზნით, საქართველოს იმჟამინდელმა იუსტიციის მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა დაგეგმა და თანამდებობის პირების, საჯარო მოხელეების და კერძო პირების მონაწილეობით შექმნა ორგანიზებული ჯგუფი, რომლის წევრები თვალთმაქცური გარიგებებით ახდენდნენ „ბანკი ქართუა“ საბანკო სესხების უზრუნველსაყოფად ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული ან დაგირავებული ქონების გადამალვას – გასხვისებას. ადეიშვილს საჯარო მოხელეების ჩართულობით და კერძო სამართლის სუბიექტების მონაწილეობით და თანხმობით, „ბანკი ქართუს“ მოვალე კერძო სამართლის სუბიექტებისათვის უნდა შეექმნა გამოგონილი საგადასახადო ვალდებულებები, რომელთა თითქოსდა წარმოშობის დრო გაუსწრებდა ბანკის იპოთეკის/გირავნობის რეგისტრაციის თარიღს. ამის საფუძველზე მოხდებოდა საწარმოთა იპოთეკით დატვირთული ან დაგირავებული ქონების აუქციონზე გატანა და აუქციონის ხელოვნურად მართვის გზით, ქონების პირდაპირ ნატურით სახელმწიფოზე გადაცემა, შემდგომ კი პირდაპირი მიყიდვის წესით ქონება უნდა დაბრუნებოდა იმ საზოგადოებებს, რომლებსაც „ბანკი ქართუს“ კრედიტორი ორგანიზაციები პირდაპირ ან ირიბად ფლობდნენ.

გეგმის თანახმად ყალბად დაფიქსირებული საგადასახადო ვალდებულებების შემცირება განხორციელდებოდა საზოგადოებების ხელმძღვანელთა შეხედულებისამებრ – საგადასახადო შეთანხმებით შემცირების ან გაკოტრების რეჟიმში გადასვლის გზით. ზურაბ ადეიშვილმა აღნიშნული განზრახვა გაანდო ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსს ჯამბულ ებანოიძეს, რომელმაც შესაბამის თანამშრომლებს მისცა დავალება ეწარმოებინათ მოლაპარაკება ადეიშვილის მიერ გადაცემულ სიაში დაფიქსირებული საზოგადოებების ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებთან ბანკის სასარგებლოდ გირავნობა/იპოთეკით დატვირთული ქონების თვალთმაქცური გარიგებით სახელმწიფო საკუთრებაში დროებით მიქცევის მიზნით. ადეიშვილმა იძულებითი აუქციონების ჩატარების ორგანიზება დაავალა აღსრულების ეროვნული ბიუროს უფროსს ნიკა მელიას. დავალების თანახმად აუქციონები ისე უნდა ჩაეტარებინა, რომ ბანკის სასარგებლოდ დატვირთული ქონება ყველა შემთხვევაში სახელმწიფო საკუთრებაში მოქცეულიყო. გეგმის განხორციელებისთვის ორგანიზებული ჯგუფის მიერ შეირჩა სააქციო საზოგადოება „ბანკ ქართუს“ მოვალე ცალკეული იურიდიული პირები, რომელთა წარმომადგენლებიც წინასწარ განსაზღვრული გეგმის შესაბამისად შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების დახმარებით აზუსტებდნენ საგადასახადო დეკლარაციებს, შეჰქონდათ მათში ყალბი მონაცემები და აღიარებდნენ სახელმწიფოს წინაშე არარსებულ ვალებს. ყალბი საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფისთვის ყადაღა ედებოდა ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ ქონებას და აღსრულების გზით ექცეოდა სახელმწიფო საკუთრებაში.

ამის შემდგომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით გიორგაძე უზრუნველყოფდა ქონების წინასწარი შეთანხმებული ფასით პირდაპირი წესით მიყიდვას იგივე მოვალე საზოგადოებების ინტერესების სფეროში არსებულ ფიზიკური ან იურიდიული პირებისთვის. დანაშაულებრივი გეგმის განხორციელებისთვის ორგანიზებული ჯგუფის მიერ შერჩეულ ერთ-ერთ ორგანიზაციას წარმოადგენდა სააქციო საზოგადოება „ბანკ ქართუს“ მოვალე შპს „ლოგოსი“ და აღნიშნულ კომპანიასთან დაკავშირებული ამხანაგობა „თეთრი სახლი“. სწორედ შპს „ლოგოსის“ დამფუძნებელი და ამხანაგობა „თეთრი სახლის“ თავმჯდომარე იყო იმ პერიოდში გიორგი ისაკაძე. გიორგი ისაკაძის თანხმობითა და დახმარებით, შპს „ლოგოსის“ 2007 წლის თებერვალ-ივლისის დაზუსტებულ დეკლარაციებში შეიტანეს ყალბი მონაცემები, რის საფუძველზეც შპს „ლოგოისს“ წარმოეშვა 4 510 634.98 ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება, ხოლო ამხანაგობა „თეთრი სახლის“ 2007 წლის იანვარ-დეკემბრის დაზუსტებულ დეკლარაციებში შეიტანეს ყალბი მონაცემები, რის საფუძველზეც შპს ამხანაგობა „თეთრი სახლის“ წარმოეშვა 7 297 984.16 ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება. ყალბი საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფისთვის ყადაღა დაედო ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ ქონებას, რის შემდეგაც საგადასახადო სამსახურმა სააღსრულებო ბიუროს მიმართა ქონების აუქციონზე გატანა-რეალიზაციის პროცედურების დაწყების მიზნით.

ქონების ნაწილის შესყიდვაზე მონაწილეობის სურვილი არავის დაუფიქსირებია, ხოლო ნაწილზე ინტერნეტაუქციონში ავტორიზაცია გაიარა „ბანკ ქართუს “ წარმომადგენელმა, ასევე უცხოეთში რეგისტრირებულმა კომპანია „ჯეიმსთოუნპროპერთიმ“, რომელმაც ფორმალურად კონკურენცია გაუწია „ბანკ ქართუს“ და მოიგო აუქციონი. მან შეგნებულად არ გადაიხადა ინტერნეტაუქციონში დაფიქსირებული ქონების შესყიდვის ფასი. მელიამ აღმასრულებელს მიაწოდა ცრუ ინფორმაცია გამარჯვებული კომპანიის მიერ საგარანტიო თანხის გადახდის შესახებ და მისცა მითითება ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის თაობაზე. მითითება შესრულდა აღმასრულებლის მიერ და ქონება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში სახელმწიფო საკუთრებად. შესაბამისად, ამ გზით ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა „ბანკი ქართუსთვის“ ხელოვნურად და უკანონოდ შექმნეს იპოთეკის საგნის გამოცლის, აუქციონში დამარცხების და ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცევის გარემოებები. ამის შემდგომ, გეგმის განხორციელება განაგრძო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგაძემ.

მისი დავალებით 2012 წლის მაისში მოამზადეს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების პროექტი ქონებების 1 ლარად პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ ამხანაგობა „თეთრი სახლის“ წევრებზე, რომლებმაც შეიძინეს ქონება. თვალთმაქცური გარიგებების თანმიმდევრულად შპს „ლოგოსმა“ ასევე შეწყვიტა „ბანკი ქართუს“ სესხის გადახდა. აღნიშნულ ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობის გამო, 2022 წელს საქმეზე გამოიტანეს დადგენილება გიორგი ისაკაძის ბრალდების შესახებ. ისაკაძემ დანაშაული აღიარა, რის შემდეგაც შესთავაზეს სისხლისსამართლებრივი სასჯელისა და ნასამართლობისაგან განრიდება. 2022 წლის 10 მარტს გამოიტანეს დადგენილება ბრალდებულ გიორგი ისაკაძის მიმართ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.

წარსულში სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებული გიორგი ისაკაძე ბიზნესის ტერორს კვლავ აგრძელებს. შეგახენებთ, რომ ცოტა ხნის წინ მისი ინიციატივით შეიქმნა პლატფორმაც, სადაც ხელახალი არჩევნების მოთხოვნის მიზნით მან კომპანიებს გაერთიანებისკენ მოუწოდა. სწორედ ეს უკანასკნელი შეაფასა დღეს შალვა პაპუაშვილმა, სადაც მან ისაკაძეს ბიზნესის რეკეტის სახე უწოდა განაცხადა, რომ ის კომპანიები, რომლებიც ისაკაძის მხარდამჭერთა რიგებში არ გაერთიანდნენ „დასახვრეტთა სიაში“ მოხვდნენ.

Back to top button