„ჩვენ რამდენიმე თვის წინ გვარწმუნებდნენ, რომ „კრედიტ სუისთან“ დავა იყო წმინდა კომერციული დავა და ამას არანაირი კავშირი არ ჰქონდა პოლიტიკასთან, როდესაც ჩვენ გვქონდა სრულიად განსხვავებული რწმენა და სრულიად განსხვავებული შეფასება. საბოლოო ჯამში „კრედიტ სუისის“ საქმის პირდაპირ მოხსენიებამ სანქციების დოკუმენტში დაადასტურა, რომ სინამდვილეში „კრედიტ სუისის“ დავა იყო არა კომერციული დავა, არამედ წმინდა წყლის პოლიტიკური საკითხი“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ელჩების კონფერენციის დახურვის ღონისძიებაზე ჟურნალისტებთან საუბრისას, „კრედიტ სუისისა“ და ბიძინა ივანიშვილის დავასთან დაკავშირებით.
კობახიძის განცხადებით, „კრედიტ სუისს“ კომერციული თვალსაზრისით საერთოდ არ აწყობდა აღნიშნული დავა ბიძინა ივანიშვილთან და ეს იყო წმინდად პოლიტიკური გავლენა კრედიტ სუისის მენეჯმენტზე.
„ეს თემა აქტუალური გახდა როგორც მოგეხსენებათ 2008 წლიდან, ბიძინა ივანიშვილის ანგარიშის ძარცვა დაიწყო 2008 წელს. როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ყოველგვარ კომუნიკაციაზე უთხრა უარი მიხეილ სააკაშვილს, როგორც ჩანს მას არ აპატიეს აგენტთან კომუნიკაციის შეწყვეტა, ამის შემდეგ იწყება ანგარიშის ძარცვის საქმე და გრძელდება ამდენი წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ეს არავითარ შემთხვევაში არ არის კომერციული დავა, უფრო მეტიც, როდესაც „კრედიტ სუისი“ ამ დავით ბოლომდე ანადგურებს საკუთარ რეპუტაციას და ამ წლების განმავლობაში 2008 წლიდან დღემდე დაახლოებით 100-ჯერ არის გაუფასურებული „კრედიტ სუისის“ აქციები ჩანს, რომ აქ არ არის კომერციული ინტერესები, პირიქით, კომერციული გადმოსახედიდან კრედიტ სუისს საერთოდ არ აწყობდა ამ დავის წარმოება, თუმცა ეს იყო წმინდად პოლიტიკური საკითხი, იყო პოლიტიკური გავლენა „კრედიტ სუისის“ მენეჯმენტზე და ამან განაპირობა ამ საქმის ასეთი სახით წარმართვა. დღეს უკვე ეს საქმე პირდაპირი ჩანაწერით აისახა სანქციების დოკუმენტში, რითაც საბოლოოდ, უკვე ფორმალურადაც დადასტურდა, რომ ამ ყველაფრის უკან იდგა არა კომერციული ინტერესები, არამედ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ინტერესები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.