საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ჰელსინკის საერთაშორისო გამოფენაზე ეცნობიან

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ფინეთში, ჰელსინკის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში MATKA 2025   მონაწილეობს. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად ჰელსინკის გამოფენაში 10-მდე სახელმწიფო და კერძო კომპანიაა წარდგენილი.  გამოფენას ესწრება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.

საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში მაია ომიაძემ შეხვედრები გამართა წამყვან ფინურ და ჩრდილოეთ ევროპულ კომპანიებთან  ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამაღლებისა და პოპულარიზაციის მიზნით.

“ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კერძო სექტორთან და სახელმწიფო უწყებებთან ერთად იმყოფება ფინეთში, ტრადიციულ, ყოველწლიურ ტურისტულ გამოფენაზე. ჩვენ აქტიური შეხვედრები გვაქვს ადგილობრივ ტურისტულ კომპანიებთან და ასოციაციებთან. ვფიქრობ ღონისძიებებისა და ბიზნეს სექტორის ერთობლივი პროდუქტიული მუშაობისთვის 2025 წელი ბევრად უფრო წარმატებული იქნება აღნიშნულ ბაზარზე, ვიდრე წინა წელი იყო“,-განაცხადა მაია ომიაძემ.

„ფინეთის ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებსა და ქართველ კოლეგებს შორის შეხვედრა გაიმართა, განვიხილეთ თანამშრომლობის საკითხები. ბევრი შესაძლებლობებია და ჩვენ ვიმსჯელეთ როგორ უნდა განვავითაროთ თანამშრომლობა. ფინეთში დიდი ინტერესია საქართველოსადმი,  პანდემიამდეც საქართველო ძალიან ტრენდული იყო,  ფინელები საქართველოში მოგზაურობით დაინტერესებულები არიან, აინტერესებთ სრიალი,  ზღვის სანაპიროების მონახულება და სათავგადასავლო ტურიზმი“,-განაცხადა მეკიმ ფრენტიმ ფინეთის ტურისტული სააგენტოების ასოციაციის წარმომადგენელმა.

MATKA 2025-ზე ქართული კომპანიების წარმომადგენლები B2B ფორმატის ფარგლებში მოლაპარაკებებს მართავენ უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.

„გაოცებული ვარ, ამ გამოფენაზე ყველამ იცის საქართველოს შესახებ, ყველამ იცის ხაჭაპური და ჩურჩხელა. დიდია ინტერესი. ბევრმა გამოთქვა სურვილი საქართველოში მოგზაურობის. დიდი ჯგუფები დაინტერესებულები არიან საქართველოში მოგზაურობით. ვფიქრობ, მომავალში ბევრი ტურისტი გვეყოლება ფინეთიდან“,-„  განაცხადა ტურისტული კომპანია ომნეს ტურის წარმომადგენელმა ქეთი ცენტერაძემ.

ნორდიკულ ქვეყნებში უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე, საქართველო სპეციალური ტურისტული სტენდით არის წარდგენილი. MATKA 2025-ზე სტუმრებს საშუალება აქვთ  საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს გაეცნონ და ინფორმაცია მიიღონ ქვეყნის ტურისტული მიმართულებების შესახებ.

ჰელსინკის 4 დღიან ტურისტულ გამოფენაში 80-ზე ქვეყნის 1000 ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს. MATKA 2025-ს  65 ათასამდე ვიზიტორი ჰყავს.

Back to top button