„ხელისუფლების მიერ გატარებული თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები, 2023 წელთან შედარებით, 24%-ითაა გაზრდილი“, – აღნიშნულის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა.
დავით სონღულაშვილის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პროდუქცია ექსპორტირებულია 70 ქვეყანაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ბაზრები დივერსიფიცირებულია.
„ექსპორტის ზრდა განსაკუთრებით აღსანიშნავია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპის მიმართულებით ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა – პოლონეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი და ა.შ., რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ის პოლიტიკა, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს დარგთან მიმართებით, არის სწორი და თანმიმდევრული“, – განაცხადა მინისტრმა.
როგორც დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო გააგრძელებს დარგის მხარდაჭერას. ღვინის კომპანიებს და მარნებს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცემათ, საკუთარი პროდუქცია წარადგინონ ამერიკის, ევროპისა და აზიის ქვეყნების ბაზრებზე, რათა გაზარდონ საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია და შენარჩუნდეს ქვეყნის ეკონომიკურად პრიორიტეტული დარგის სტაბილური განვითარება.