„დღეს, როდესაც ხალხი მიხვდა, თუ რა ფარსთან ჰქონდათ საქმე, პროტესტი არათუ მინელდა, არამედ სულს ღაფავს და 500 ადამიანის შეგროვებას ვეღარ ახერხებენ რადიკალური აქციის ორგანიზატორები და მათი დამფინანსებლები, მაგრამ თუ გადავხედავთ სურათს, დავინახავთ, რომ დისკრედიტირებული და ტალახში გასვრილი პოლიტიკოსები უკანა პლანზე გადავიდნენ, უფრო სწორად მათმა პატრონებმა გვერდზე გაწიეს, ხოლო პროტესტის სადავეები ხელში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა აიღეს“, – ამის შესახებ ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ.
შათირიშვილის განცხადებით, ხალხის სახელით ოპოზიციის კონტროლირებადი ტელევიზიებიდან ხშირად გველაპარაკებიან რეჟისორები, მსახიობები და ა.შ., თუმცა, რეალურად, ისინიც იმავე დავალების შემსრულებლები არიან, რასაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ასრულებენ.
იგი კონკრეტული მაგალითის სახით გიორგი ბაჩიაშვილს განიხილავს და აცხადებს, რომ იგი უცხო ქვეყნის კლასიკური ჯაშუშია. შათირიშვილის თქმით, ბაჩიაშვილი არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის, არამედ, საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენეს და ამის მტკიცებულება თავადვე დადო, როდესაც აღიარა, რომ საპროტესტო აქციების ერთ-ერთი დამფინანსებელია.
„ხშირად ნახავთ მათი კონტროლირებადი ტელევიზიებიდან რეჟისორს, მსახიობს, სპორტსმენს, ბიზნესმენს და ასე შემდეგ… ადამიანებს, რომლებიც ხალხის სახელით გველაპარაკებიან, რეალურად კი უცხო ქვეყნის ჯაშუშები არიან და ზუსტად იგივე დავალებებს ასრულებენ, რასაც პოლიტიკური ფიგურები.
მაგალითისათვის ერთ კონკრეტულ სახელს და გვარს დავასახელებთ – გიორგი ბაჩიაშვილი – უცხო ქვეყნის ჯაშუშის კლასიკური მაგალითი. ეს პიროვნება ჯერ ბიძინა ივანიშვილთან ჩანერგეს, შემდეგ კი, როდესაც დასჭირდათ, პატრონებმა მის წინააღმდეგ გამოიყენეს. თუმცა აქ პერსონალურ საკითხს განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს. ბაჩიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენეს და ამის მტკიცებულება მან თავადვე დადო, როდესაც რამდენიმე საათის წინ აღიარა, რომ დიახ – აქციებს მე ვაფინანსებო! დაფარული აღარ არის, რომ არც ბაჩიაშვილი, არც რომელიმე რეჟისორი, მსახიობი, ბიზნესმენი, მოცეკვავე…
უკლებლივ ყველა, ვინც საზოგადოების წევრის სტატუსით სარგებლობს და ქვეყანას ქაოსის, არეულობის და რაც მთავარია, ანტიკონსტიტუციური, ძალადობრივი გზით ხელისუფლების ცვლილებისკენ ექაჩება, ერთი მთავარი პატრონის, თუნდაც ასე ითქვას – გლობალური ომის პარტიის დავალებებს ასრულებენ. სწორედ ამიტომ, როგორც უნდა გასამართლდეს ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი, როგორც უნდა გასამართლდნენ პოლიტიკას შეფარებული ჯაშუშები, სწორედ ასევე უნდა გასამართლდნენ ეგრეთწოდებული „საზოგადოებრივი სფეროს“ წარმომადგენლები, რეალურად კი უცხო ქვეყნის ჯაშუშები სხვადასხვა სახელით და გვარით, რეგალიით და სტატუსით. პროცესს, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს, მაქსიმუმ 1 წელიწადი დასჭირდეს, ამის შემდეგ კი ჩვენს ქვეყანაში სხვა პოლიტიკური რეალობა იქნება, ჯანსაღ ოპოზიციურ ძალებს გზა და ასპარეზი გაეხსნებათ, ხოლო ჯაშუშების მარწუხებისგან, ფსევდოლიბერალური ბულინგისგან გათავისუფლებული საზოგადოება თავად შექმნის ისეთ სამოქალაქო საწყისებს, სადაც უცხო ქვეყნის ინტერესების ადგილი აღარ იქნება“, – წერს ზაზა შათირიშვილი.