ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, სრულიად საქართველოს საზოგადოებას ვულოცავ ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს! გისურვებთ სიკეთეს, სიყვარულს და ურთიერთპატივისცემას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.
მთავრობის მეთაურის თქმით, 16 ნოემბერს, საქართველო, მსოფლიო საზოგადოებასთან ერთად, აღნიშნავს ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს, რაც კიდევ ერთხელ იმის დასტურია, რომ ადამიანი, მისი ღირსება და უფლებები კაცობრიობისთვის უმთავრესი ღირებულებაა.
„დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ თანასწორობისა და ტოლერანტობის პრინციპებზე დაფუძნებული საზოგადოება დემოკრატიული სიმტკიცის მყარი საფუძველია.
ურთიერთპატივისცემა და შემწყნარებლობა ის ფუნდამენტური ფასეულობებია, რამაც ჩვენი ქვეყნის მრავალკულტურული, მრავლეთნიკური და მრავალკონფესიური მოსახლეობისთვის საქართველო სამშობლო გახადა და ამავდროულად უზრუნველყო მათი იდენტობის შენარჩუნება.
საქართველო, როგორც ევროპული ქვეყანა პატივს სცემს და იზიარებს ერთიან ევროპულ ფასეულობებს, სადაც ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა გარანტირებულია კონსტიტუციით. ჩვენ პატივს ვცემთ და მხარს ვუჭერთ თითოეული მოქალაქის ღირსებას და თავისუფლებას”, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში, რომელიც საქართველოს მთავრობის ოფიციალურ „ფეისბუქ” გვერდზე გამოქვეყნდა.