![](https://newspress.ge/wp-content/uploads/2025/02/20.jpeg)
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო დუბაის მთავრობასთან შეხვედრები, ბევრი მიმართულებით ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის დღის წესრიგი, რაზეც ინტენსიურად ვსაუბრობთ ჩვენს კოლეგებთან, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დუბაიში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო კონკრეტულად ტრანსპორტის და ლოგისტიკის სფეროში თანამშრომლობა.
„დღეს ჩვენ ვეწვიეთ აბუ-დაბი პორტის ჯგუფს, რომელიც ერთ-ერთი მსხვილი ლოგისტიკური მოთამაშეა არამხოლოდ რეგიონში, არამედ გლობალურადაც. ეს კომპანია მუდმივად იზრდება და ის წარმოადგენს აბუ-დაბის მთავრობას. საქართველოში კომპანიას უკვე აქვს დაწყებული ინვესტიციების განხორციელება, მაგრამ ჩვენი დღის წესრიგი გულისხმობს უფრო ფართო თანამშრომლობას ლოგისტიკის სხვადასხვა მიმართულებით. კომპანიას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება როგორც საკონტეინერო მიმართულებით, ისე ზოგადად ე.წ. ნაყარი ტვირთების, თხევადი ტვირთების გადაზიდვის მიმართულებით, ასევე ლოგისტიკური ოპერაციების მიმართულებით. ვფიქრობ, რომ მულტიფუნქციურობა, რაც კომპანიას ახასიათებს, ჩვენთვის არის ძალიან საინტერესო გამოცდილების გაზიარების კუთხით“, – განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი მსხვილი ლოგისტიკური პროექტები ხორციელდება, რაც ქვეყნის ლოგისტიკურ, სატრანსპორტო ფუნქციას კიდევ უფრო აამაღლებს და უფრო კონკურენტუნარიანს გახდის, თანამშრომლობა და ახალი ინვესტიციები ამ მიმართულებით იქნება ძალიან სასარგებლო.
„ვფიქრობ, რომ ის ურთიერთობა, რომელიც კომპანიასთან უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში ჩამოგვიყალიბდა, მოგვცემს საშუალებას, რომ საქართველოში ამ მიმართულებითაც ვიხილოთ საამიროებიდან დამატებითი ინვესტიციები“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.