სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დარღვევების გამო რამდენიმე ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონულმა დეპარტამენტებმა კახეთში, მცხეთა-მთაინეთსა და თბილისში ბიზნესოპერატორებს საწარმოო პროცესი შეუჩერეს.

კახეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სიღნაღში, სოფელ ზემო ბოდბეში გამოავლინეს ფიზიკური პირის გ. მ-ის კუთვნილი ცხოველთა სასაკლაო, რომელიც საქმიანობდა სააგენტოს აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე; ობიექტზე დაფიქსირდა ასევე კრიტიკული შეუსაბამობები.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანიობისათვის დაჯარიმდა მცირე მეწარმე ვ. ა.

მცხეთა-მთიანეთის დეპარტამენტის ინსპექტორების მიერ ჩატარებული არაგეგმური ინსპექტირების შედეგად მარკეტ „მაშ 2025″-ში (მისამართი: ქ. მცხეთა, გამსახურდიას ქ. N23) გამოვლინდა სარეალიზაციოდ განთავსებული ვადაგასული სურსათი. ამასთან, ბიზნესოპერატორი საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე.

თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს ინდივიდუალური მეწარმე ლ. ჯ.-ის კუთვნილ უზბეკურ რესტორანში (მისამართი: ქ. თბილისი, მარჯანიშვილის ქ. N16), სადაც დარღვეული იყო ჰიგიენური ნორმები, სურსათის ეტიკეტირების წესი.

გამოვლენილი დარღვევების გამო ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ, ხოლო ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდათ.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, დაიცვან სურსათის უვნებლობის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები; მომხმარებელმა კი, დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, მიმართოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს – 15 01.

 

Back to top button