ხე-ტყით უკანონოდ სარგებლობის შემთხვევაში, სასჯელი მკაცრდება

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” კანონპროექტი.

პროექტის თანახმად, ხე-ტყით უკანონოდ სარგებლობის შემთხვევაში სასჯელი გამკაცრდება და დამრღვევ პირს ადმინისტრაციულის ნაცვლად სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება.

წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად, სახერხ საამქროში მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხი ან/და თერმული დამუშავების დანადგარის (ტექნიკის) ან/და მოწყობილობის რეგისტრაციის გარეშე მონტაჟისათვის მკაცრდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და ნაცვლად ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთისა განისაზღვრება თავისუფლების აღკვეთა ერთიდან სამ წლამდე ვადით, ხოლო იგივე ქმედების არაერთგზის ჩადენისათვის ერთიდან ორ წლამდე ვადა იცვლება სამიდან ხუთ წლამდე ვადით.

ცვლილება ასევე შედის იმავე მუხლის შენიშვნაში, რომლის თანახმადაც, იურიდიული პირის პასუხისმგებლობის ნაწილში იზრდება საქმიანობის უფლების ჩამორთმევის ვადა და ნაცვლად სამ წლამდე ვადისა განისაზღვრება 5 წლამდე ვადით.

პროექტის თანახმად, ნაცვლად ტერმინისა „ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა”, რომელიც შინაარსობრივად საკმაოდ ვიწრო ცნებაა, ხდება ახალი ტერმინების შემოტანა – „მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვა” და „დიდი ოდენობით უკანონო დამზადება”.

მომხსენებლის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის ნინო თანდილაშვილის განმარტებით, ხე-ტყით უკანონოდ სარგებლობის სფეროში პასუხისმგებლობის გამკაცრებას ექნება შემაკავებელი ეფექტი, რამაც თავის მხრივ, უნდა განაპირობოს ხე-ტყით უკანონოდ სარგებლობის სფეროში მდგომარეობის გამოსწორება.

წარმოდგენილი კანონპროექტიდან გამომდინარე შესაბამისი ცვლილება შედის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში”.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილული კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას.

 

Back to top button