ნანა კაკაბაძე: მხოლოდ ნეიტრალური სახელმწიფოს ფუნქციამ შეიძლება მიანიჭოს საქართველოს ძლიერი ეკონომიკური პერსპექტივა, ვინაიდან ჩვენი გეოსტრატეგიული მდებარეობის გამოყენება სჭირდებათ ევროპასაც, ამერიკასაც, ჩინეთსაც და რუსეთსაც

უკვე ყველამ დაინახა, რომ დღევანდელი ცვალებადი მსოფლიოს დღის წესრიგს და განვითარების მიმართულებებს არა იდეოლოგიური კლიშეები და ფობიური განწყობები, არამედ ეკონომიკური ინტერესები განსაზღვრავს, – წერს სოციალურ ქსელში „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ნანა კაკაბაძე.

როგორც მან აღნიშნა, მხოლოდ ნეიტრალური სახელმწიფოს ფუნქციამ შეიძლება მიანიჭოს საქართველოს მშვიდობიანი და ძლიერი ეკონომიკური განვითარების რეალური პერსპექტივა, ვინაიდან საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობის გამოყენება ერთნაირად სჭირდებათ ევროპასაც, ამერიკასაც, ჩინეთსაც და რუსეთსაც. მისივე თქმით, ხელისუფლებას მოეთხოვება უფრო მკაფიოდ გამოკვეთოს ქვეყნის ნეიტრალიტეტისადმი თავისი დამოკიდებულება, რათა არც ერთ დიდ მოთამაშეს აღარ ჰქონდეს არც შიში და არც იმის ილუზია, რომ საქართველოში მათი ინტერესების საწინააღმდეგოდ მათი კონკურენტი მხარის ინტერესები იქნება გატარებული.

„რა უნდა შევთავაზოთ მსოფლიოს უკვე ყველამ დაინახა, რომ დღევანდელი ცვალებადი მსოფლიოს დღის წესრიგს და განვითარების მიმართულებებს არა იდეოლოგიური კლიშეები და ფობიური განწყობები, არამედ ეკონომიკური ინტერესები განსაზღვრავს.

აშშ-ს პრეზიდენტის მიერ სულ ბოლო დღეებში მიღებულმა გადაწყვეტილებებმა თავდაყირა დააყენა მთელი მსოფლიოს ეკონომიკა, ჩამოაქცია მსოფლიო ბირჟები და მილიარდობით ზარალი მოუტანა კომპანიებს. დონალდ ტრამპი ირწმუნება, რომ ეს არის აუცილებლად მისაღები მწარე წამალი დაავადებული აშშ-ს ეკონომიკის გამოსაჯანმრთელებლად.

აშშ-ს პრეზიდენტი იმასაც ღიად აცხადებს, რომ მეგობრებად და პარტნიორებად მიჩნეული მოკავშირეები ხშირად უფრო დიდ ზიანს აყენებენ მის ქვეყანას, ვიდრე პოლიტიკურად და იდეოლოგიურად დაპირისპირებული სახელმწიფოები. ახალი სატარიფო პოლიტიკით ტრამპმა რამდენიმე დღეში მიაღწია იმას, რომ მისივე განცხადებით უკვე 50-ზე მეტი ქვეყანა სთხოვს მას მოილაპარაკონ სატარიფო განაკვეთებზე, ხოლო ევროკავშირი უკვე იხვეწება, რომ აშშ ევროპის ქვეყნებთან ნულოვანი დაბეგვრის პოლიტიკაზე გადასვლას დათანხმდეს.

ის ქვეყნები, რომლებიც ამ ახალ რეალობას ვერ გააცნობიერებენ და დროულად ვერ ჩაერთვებიან ახალი მსოფლიოს ახალ პრიორიტეტებში, დარჩებიან ან მაჩანჩალებად, ან საერთოდ გაქრებიან. ამერიკის ინტერესები კანადაზე, გრენლანდიაზე თუ პანამის არხზე სხვა არაფერია, თუ არა შორს გათვლილი ეკონომიკურ-პოლიტიკური მიზნები.

თუნდაც უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებულმა მიდგომებმაც ნათლად აჩვენა, რომ ამერიკა მშვიდობის საფასურად, ეკონომიკურ შეთანხმებებზე საუბრობს.

ასეთ სიტუაციაში რით შეიძლება დააინტერესოს საქართველომ ამერიკა? რა შეიძლება შესთავაზოს მან აშშ-ს და დანარჩენ მსოფლიოს? ვიცით, რომ ჩვენს ქვეყანას არც ბუნებრივი სიმდიდრეები და არც ტექნოლოგიური განვითარების შესაძლებლობები გააჩნია იმ დონეზე და იმ მასშტაბებით, რომ ის საინტერესო იყოს დანარჩენი მსოფლიოსთვის. გასაგებია, რომ საქართველოს და ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციის პოზიციები მნიშვნელოვან საკითხებში (დიფ-სთეითთან, ლგბტ თემების და ოჯახური ფასეულობების მიმართ დამოკიდებულება) თანხვედრაშია, მაგრამ ეს არ არის ის თემები, რომელიც ჩვენ და ამერიკას, ჩვენ და დანარჩენ მსოფლიოს, ეკონომიკურად დაგვაკავშირებს. არადა, როგორც აღვნიშნეთ, დღეს, როგორც არასდროს, სწორედ სახელმწიფოთა ეკონომიკური ინტერესებია წინა პლანზე წამოწეული.

ჩვენი ქვეყნის ყველაზე მთავარი მნიშვნელობა და მიმზიდველობა მთელი მსოფლიოსთვის მისი გეოპოლიტიკური მდებარეობაა, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც სახელმწიფოს წარმატების გარანტად, ისე გახდეს დიდი უბედურების მომტანი. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ ჩვენი სახელმწიფოს მმართველებს ამ თვალსაზრისით რამდენად მკაფიოდ გამოკვეთილი პოზიცია ექნებათ. მაგალითად, წლების მანძილზე ბევრი გვიბიძგებდა, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორია გამოყენებული ყოფილიყო პლაცდარმად და შეგვეძინა რუსეთის გამაღიზიანებლის ფუნქცია. ბოლო პერიოდში სისტემატურად გამეორებული მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნაც ხომ ამისკენ იყო მიმართული. უფრო მეტიც, ჩვენი ტვინგაცხელებული პოლიტიკოსების ნაწილი ღიადაც მოითხოვს საქართველოში ამერიკის სამხედრო ბაზის გახსნას. რაც შეეხება იმას, რომ ასეთ შემთხვევაში ჩვენი დასავლელი სტრატეგიული პარტნიორები დაგვიცავენ, უკრაინის მოვლენებმა ნათლად დაგვანახვეს, თუ რა შედეგები შეიძლება მოიტანოს პარტნიორების მხრიდან ასეთი დაცვის ტაქტიკამ.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მხოლოდ ნეიტრალური სახელმწიფოს ფუნქციამ შეიძლება მიანიჭოს საქართველოს მშვიდობიანი და ძლიერი ეკონომიკური განვითარების რეალური პერსპექტივა, ვინაიდან ჩვენი გეოსტრატეგიული მდებარეობის გამოყენება ერთნაირად სჭირდებათ ევროპასაც, ამერიკასაც, ჩინეთსაც და რუსეთსაც. მსოფლიო განვითარების ტენდენციებს და მიმართულებებს სწორედ ისინი განსაზღვრავენ და ბუნებრივია, საქართველოსთვის გაცილებით უხიფათო იქნება მათი შეთანხმება ჩვენი ქვეყნის ნეიტრალიტეტზე, ვიდრე დაპირისპირება ჩვენს ტერიტორიაზე გავლენების მოსაპოვებლად იმ მიზნით, რომ დიდ კონკურენტებს სწორედ ჩვენს რეგიონში დაპირისპირებით მიაყენონ ზიანი. მარტივად გასაგები უნდა იყოს, რომ ასეთ დაპირისპირებაში სინამდვილეში მხოლოდ ჩვენი ქვეყანა მიიღებს ზიანს და გაიჭყლიტება.

ნეიტრალური სახელმწიფოს ფუნქციის რეალურად შეძენისათვის აუცილებელია მუდმივი და სისტემატური დიალოგი ზემოხსენებულ ყველა ქვეყანასთან, ყველა ძალასთან.

ის, ვინც დღეს ამ პოზიციას უპირისპირდება და იდეოლოგიური თუ სხვადასხვა ფობიური კლიშეებით ცდილობს საქართველო მსოფლიოს დიდი მოთამაშეების დაპირისპირების არენად აქციოს და აქ რომელიმე დაპირისპირებული მხარის ინტერესები გაატაროს გამოკვეთილად, ნებსით თუ უნებლიედ, ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის უბედურების ცეცხლში გახვევას. ხელისუფლებას კი მოეთხოვება უფრო მკაფიოდ გამოკვეთოს ქვეყნის ნეიტრალიტეტისადმი თავისი დამოკიდებულება, რათა არც ერთ დიდ მოთამაშეს აღარ ჰქონდეს არც შიში და არც იმის ილუზია, რომ ჩვენს ქვეყანაში მათი ინტერესების საწინააღმდეგოდ მათი კონკურენტი მხარის ინტერესები იქნება გატარებული.
ყველამ უნდა გაიგოს და შეეგუოს, რომ ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის პრიორიტეტული იქნება მხოლოდ საქართველოს ინტერესების გატარება და მხოლოდ იმ დოზით იქნება გათვალისწინებული და დაბალანსებული გარე ძალების ინტერესები, რამდენადაც ისინი შესაბამისობაში მოვლენ ქართველი ხალხის ინტერესებთან“, – წერს ნანა კაკაბაძე.

Back to top button