ვარდების რევოლუციის მოლოდინებიდან, რომ ქვეყანა განვითარებულიყო დემოკრატიული თვალსაზრისით, ჩვენ მივიღეთ არა ის, რაც სურდა საზოგადოებას რევოლუციის შედეგად, მივიღეთ სააკაშვილი-ბოკერია-უგულავას და სხვების დანაშაულებრივი რეჟიმი – განუცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, ეს იყო მოლოდინით აღასავსე ცვლილება და თავისი პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა.
„ვარდების რევოლუციას ჰქონდა ის პოლიტიკური მნიშვნელობა, რომ ყველას ჰქონდა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მოლოდინი, ეს იყო მოლოდინით აღსავსე ცვლილება. საბოლოოდ, ვარდების რევოლუციიდან შედეგობრივად მივიღეთ სააკაშვილი, ბოკერია უგულავას და სხვების დანაშაულებრივი რეჟიმი, ხალხის მოლოდინიდან, რომ ქვეყანა უნდა განვითარებულიყო დემოკრატიული თვალსაზრისით, ამ დაპირებებიდან და საწყისი ნაბიჯებიდან შედეგად მივედით დანაშაულებრივ რეჟიმამდე, ეს სამწუხარო ფაქტია“ – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
მან სამარცხვინო უწოდა ნაციონალური მოძრაობის მესიჯბოქსს, რომ ნაციონალური მოძრაობა უდრის ქართულ სახელმწიფოებრიობას.
„ქართული სახელმწიფოებრიობა მრავალი საუკუნის წინ შეიქმნა და ჩემი თხოვნა იქნება, ნუ აყვებით ნაციონალური მოძრაობის ამ მესიჯბოქსს, რომ თურმე ნაციონალური მოძრაობა უდრის ქართულ სახელმწიფოებრიობას, ეს არის სამარცხვინო განცხადება“ – განუცხადა ჟურნალისტებს ანრი ოხანაშვილმა.