ზაზა წერეთელი: გიული ალასანია თავისი შვილის დროს გაუბედურებული ყველა პატიმრის თუ არაპატიმრის დედას დასცინის

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას მიერ გაკეთებულ განცხადებებს აფასებს და აცხადებს, რომ ის საზოგადოებას დასცინის.

„ყურს მოკრავ გიული ალასანიას გამოსვლებს პირწიგნაკზე და ფიქრობ ნუთუ ეს ქალბატონი 2003-2012 წლებში სხვა პლანეტაზე ცხოვრობდა… დაგვცინის და დასცინის თავისი შვილის დროს გაუბედურებული ყველა პატიმრის თუ არაპატიმრის დედას… კოვიდ უბედურების დროს ამის ყოველდღიური დაცინვაღა აკლდა ქვეყანას“, – წერს სოციალურ ქსელში ზაზა წერეთელი.

ინფორმაციისთვის, ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით 22 ნოემბერს განაცხადა, რომ ის კმაყოფილი ვერ იქნება, როდესაც „ვარდების რევოლუციის“ გმირი გისოსებს მიღმა წევს.

ამასთან, გიული ალასანიამ აღნიშნა, რომ მის შვილს, როგორც პრეზიდენტს, შეცდომა არ ჰქონია.
შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 ციხეში შეიყვანეს.

იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, რის გამოც დაკავების დღიდან 50 დღე შიმშილობდა.
მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით, რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

18 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა და იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

20 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა.

 

Back to top button