რუსეთი არ სცემს პატივს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, ჩვენი ქვეყნის ერთიანობას და აგრძელებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას. სწორედ ეს არის მთავარი ბარიერი ჩვენს ურთიერთობებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა 2012 წლამდე რუსეთთან ურთიერთობის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა იმ ნაბიჯებზე, რომლებიც „ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ მიმართულებით გადაიდგა..
„გავიხსენოთ, რა მდგომარეობა გვქონდა 2012 წელს, როდესაც ჩვენი ხელისუფლება მოვიდა სათავეში, მაშინ იყო აბსოლუტურად გაწყვეტილი ყოველგვარი კონტაქტი, მათ შორის არც ეკონომიკური, არც კულტურული მიმართულებით არავითარი ძვრები არ ხდებოდა, ერთადერთი, ყველას შევახსენებ, რომ მაშინდელი პრეზიდენტი სააკაშვილის მიერ იყო მცდელობა იმისა, რომ გახსნილიყო თუნდაც რუსული ბაზარი, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები აღდგენილიყო, ამ მიზნით, მოგეხსენებათ, წინა ხელისუფლებამ მათ შორის უვიზო რეჟიმიც კი შემოიღო რუსეთისთვის, ასევე უპირობოდ დაუჭირა მხარი რუსეთის გაწევრიანებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში და ჩვენ სანაცვლოდ არაფერი მიგვიღია. ეს ყველაფერი ხდება აგვისტოს ომის შემდგომ. ასევე, შეგახსენებთ, რომ სწორედ აგვისტოს ომის შემდეგ მოხდა ძალიან ბევრი სტრატეგიული აქტივების და ობიექტების გადაცემა, მიყიდვა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კომპანიებზე. ეს რა თქმა უნდა შეუმჩნეველი დარჩა მათ შორის ოპოზიციისთვის, მათ შორის ჩვენი პარტნიორებისთვისაც, მაგრამ ჩვენ ამის თაობაზე ყოველთვის გვაქვს საუბარი. როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, მაშინ ჩვენი პარტნიორების, მათ შორის ევროპელების, ამერიკელების თხოვნა, რეკომენდაცია, რჩევა იყო, რომ ჩვენ ყველაფერი გაგვეკეთებინა იმისთვის, რომ რეალური დეესკალაციისთვის მიგვეღწია. ვფიქრობ, ჩვენ ეს შევძელით. მოგეხსენებათ, პირველი ნაბიჯები გადაიდგა და ეს იყო სწორედ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ვინაიდან ჩვენს ინტერესებშია უსაფრთხოების რისკები იყოს შემცირებული და მინიმუმამდე დაყვანილი და მეორე ის, რომ რეალურად ხალხთაშორისი ურთიერთობები აღდგენილიყო, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების აღდგენა მომხდარიყო, რაც გაკეთდა. მოგეხსენებათ, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ბატონმა ივანიშვილმა დანიშნა სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში და ძალიან ბევრი პრაქტიკული ნაბიჯი გადაიდგა ამ მიმართულებით, თუმცა პოლიტიკური მიმართულებით ჩვენ არავითარი პროგრესი არ გვქონია. მდგომარეობა არის უცვლელი, გვაქვს სტატიკური მდგომარეობა, ეს სტატუს-ქვო შენარჩუნებულია და ოკუპაციასთან მიმართებაში რაიმე ძირეული ცვლილება არ მომხდარა. რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე გვიწევს თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში გამკლავება იმ გამოწვევასთან, რომელიც უკავშირდება ე.წ ბორდერიზაციას და მავთულხლართების ინსტალაციას, მათ შორის ჩვენი მოქალაქეების გატაცებას. არაერთი ძალადობრივი ფაქტი, მათ შორის მკვლელობაც დაფიქსირდა და ბუნებრივია, ჩვენ ამ ყველაფერზე გვაქვს მყისიერი რეაგირება და ჩვენი პარტნიორების ჩართულობა, მაგრამ პოლიტიკური მიმართულებით რუსეთთან მიმართებაში ძვრა არ გვაქვს და ეს საკმაოდ რთული საკითხია. რუსეთთან მიმართებაში ჩვენი მთავარი პრეტენზია თუ მთავარი პრობლემა არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. რუსეთი არ სცემს პატივს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, ჩვენი ქვეყნის ერთიანობას და აგრძელებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას. სწორედ ეს არის მთავარი ბარიერი ჩვენს ურთიერთობებში”, – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, დეოკუპაცია პოლიტიკური პროგრესის გარეშე წარმოუდგენელია.
„დეოკუპაცია რომ თავისით არ მოხდება, ალბათ ყველას კარგად გვესმის. ეს საკმაოდ რთული საკითხია, მაგრამ ეს უნდა მოხდეს რუსეთის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, რომ დასრულდეს დღევანდელი მდგომარეობა, არალეგალური, უკანონო მდგომარეობა, ეს არის მთავარი. რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის, რომ დეოკუპაცია თავისით ვერ მოხდება, ამას სჭირდება მრავალმხრივი, კომპლექსური მუშაობა და ეფექტური, ქმედითი ნაბიჯების გადადგმაც და რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორების ჩართულობა. მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს ერთი ფორმატი, ეს არის ჟენევის ფორმატი. პირდაპირი კონტაქტი პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით არ გვაქვს და ერთადერთი კონტაქტი რაც გვაქვს, არის აბაშიძე-კარასინის ფორმატი, რომელიც მხოლოდ სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებს ეხება. ვფიქრობ, ასეთი პირდაპირი კონტაქტის ორგანიზებას, მცდელობას სჭირდება კარგი დაფიქრება, კარგი მომზადება და ეს უნდა იყოს რეალურად შედეგზე ორიენტირებული და არა მხოლოდ შეხვედრა შეხვედრისთვის. ჩემი პასუხი სწორედ ეს იქნებოდა – ასეთი კონტაქტის თუ შეხვედრის ორგანიზებას სჭირდება კარგი მომზადება. ქართულმა მხარემ, საქართველომ და ჩვენმა ხალხმა უნდა იცოდეს, თუ რა შედეგი შეიძლება წამოვიღოთ თეორიულად და პრაქტიკულად. მთლიანობაში, ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ყველა ნორმალური სახელმწიფო საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და უნდა მოქმედებდეს. ჩვენ, ბუნებრივია ჩვენი ინტერესები გვაქვს და ყველა სხვა სახელმწიფოს, მათ შორის მეზობელ ქვეყნებსაც თავიანთი ინტერესები აქვთ. ასე, რომ ვფიქრობ, ასეთ შეხვედრებს სჭირდება კარგი მომზადება”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.