
დღევანდელი გადმოსახედიდან კიდევ უფრო მარტივია მსჯელობა და ანალიზი იმისა, თუ როგორ დაულაგეს უცხოელმა პატრონებმა სააკაშვილს 2008 წლის დავალების შესრულების და ომის გაჩაღების შემდეგ გადარჩენის „სპეცოპერაცია“. მათ გასცეს დავალება და მათ მიერვე მართული ფსევდოოპოზიცია სრულად გამოიყვანეს იმჟამინდელი ხელისუფლების ყალბი ოპონირების რეჟიმისგან, – ვკითხულობთ განცხადებაში, რომელიც საზოგადოებრივმა მოძრაობამ „ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ გაავრცელა.
მათი განცხადებით, მართალია, უშუალოდ საომარი მოქმედებების დღეებში არ იქნებოდა სწორი ომში მყოფი ხელისუფლების კრიტიკა, თუმცა, ომიდან თვეების შემდეგაც, რატომ განაგრძეს მაშინდელმა ოპოზიციონერებმა იგივე რიტორიკა, თითქოს, რეჟიმის მისამართით კითხვების დასმა მორალური დანაშაული იყო.
„ეს მისია კი საკუთარ თავზე სწორედ დავით უსუფაშვილმა აიღო. სწორედ მისი უშუალო ხელმძღვანელობით, გარედან მიღებული დავალების შესაბამისად შექმნეს ილუზია და განცდა, რომ იმ მომენტში კრიტიკული აზრის გამოხატვა, რეჟიმის მისამართით კითხვების დასმა და ომის თემაზე მათთვის არასასურველ კონტექსტში საუბარი მორალური დანაშაული იყო.
სადავო არ არის, რომ უშუალოდ საომარი მოქმედებების დღეებში პოლიტიკოსის მხრიდან ომში მყოფი ხელისუფლების კრიტიკა არ იქნებოდა სწორი, ვისი დაწყებულიც უნდა ყოფილიყო შეიარაღებული დაპირისპირება, მაგრამ საინტერესოა, ომიდან 4 და 5 თვის შემდეგ რატომ გააგრძელეს იგივე რიტორიკა უსუფაშვილმა, ხიდაშელმა, თარგამაძემ და მათ გვერდით მყოფმა პოლიტიკოსებმა? ვის ან რის გარშემო იყვნენ გაერთიანებულები? პასუხი მარტივია – მაშინდელ ხელისუფლებასაც და ოპოზიციის დიდ ნაწილსაც ერთი პატრონი ჰყავდათ, დავალებებს ქვეყნის გარედან იღებდნენ და იმ მომენტში, როდესაც აგენტი პრეზიდენტი იყო გადასარჩენი, ყალბი კონსოლიდაციის დავალება მიიღეს და ეს დავალება პირნათლად შეასრულეს.
გაერთიანდნენ იმიტომ, რომ თავად იყვნენ მონაწილე იმ დავალების აღსრულების, რასაც საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ ტერიტორიაზე ომის გაჩაღება და საქართველოს ისტორიული მიწების ოკუპაცია მოჰყვა შედეგად.
ფსევდოოპოზიციონერებმა სწორედ ყალბი ერთიანობით სცადეს როგორმე გაემართლებინათ მათ მიერ შესრულებული უმძიმესი დავალება, რომელიც ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინაშე ღალატის ტოლფასია“ – ვკითხულობთ განცხადებაში.
საზოგადოებრივი მოძრაობის განმარტებით, მართული ოპოზიციის მსგავსად, მიხეილ სააკაშვილს ფსევდოკრიტიკული მედიაც სჭირდებოდა და ეს როლი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ტელეკომპანია „კავკასიას“ განუსაზღვრა, პარალელურად კი, წამოიწყო ბრძოლა „მაესტროს“ ხელში ჩასაგდებად, რომელიც სრულიად კონტროლირებად მედიასივრცეში თავისუფალი სიტყვის კუნძულად რჩებოდა.
„მართული ოპოზიციის მსგავსად, სააკაშვილს ფსევდოკრიტიკული მედიაც სჭირდებოდა. ზოგადად, აგენტურული მმართველობის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანთვისება ილუზორული, პარალელური სამყაროს შექმნა და ამ სამყაროში, პროპაგანდით გაბრუებული საზოგადოების მარტივად მართვაა, რასაც ზედმიწევნით ზუსტად აკეთებდა მაშინდელი რეჟიმი. ყოფით, ნაკლებად პრობლემურ საკითხებში მაშინდელმა ხელისუფლებამ ფსევდოოპოზიციური მედიის როლი ტელეკომპანია „კავკასიას“ განუსაზღვრა და პარალელურად წამოიწყო ბრძოლა “მაესტროს” ხელში ჩაგდების მიზნით, რომელიც სრულად კონტროლირებად მედიასივრცეში, თავისუფალი სიტყვის კუნძულად რჩებოდა.
გარკვეულ ეტაპზე რეჟიმის სატელიტების მეშვეობით მოახერხეს “მაესტროზე” გავლენის მოპოვება და მას “კავკასიის” მსგავსად იყენებდნენ წარმოსახვითი განცდის შესაქმნელად, რომ თითქოს ქვეყანაში არსებობდა კრიტიკული მედია და შესაბამისად, ისმოდა კრიტიკული აზრი.
მაგრამ როგორც აღინიშნა, ეს მხოლოდ უმნიშვნელო, მათი ხელისუფლებისთვის ნაკლებად პრობლემურ საკითხებს ეხებოდა. აი მაშინ, როდესაც დადგა მომენტი და სააკაშვილს რეალურად დაუპირისპირდა მისი ყოფილი თანაგუნდელი ნინო ბურჯანაძე, რომელიც იმ მომენტში არ განეკუთვნებოდა სააკაშვილის პატრონების მართულ პოლიტიკურ ელიტას და არ იჯდა უცხოეთში დაწერილ სცენარში – მას სწორედ ეგრეთ წოდებული კრიტიკული მედიები, „მაესტრო“ და „კავკასია“ დაუპირისპირეს“ – აღნიშნულია განცხადებაში.