სოზარ სუბარი სულხან მოლაშვილზე: ეს იყო არა უბრალოდ უფანჯრო ოთახი, არამედ ეს იყო სარდაფი, ნესტით სავსე ოთახი, ჰაერიც კი არ იყო. აქ გაატარა სულხანმა რამდენიმე თვე, ადამიანმა, რომელიც იყო ნაწამები

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ისაუბრა სულხან მოლაშვილის წამების და არაადამიანური მოპყრობისა ფაქტებთან დაკავშირებით.

სოზარ სუბარის განცხადებით, სულხან მოლაშვილთან ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი, მათიას იორში მივიდა მოსანახულებლად, საიდანაც იგი შეძრწუნებული გამოვიდა და ისაუბრა იმ უსასტიკეს პირობებზე, რომელშიც მოთავსებული ჰყავდათ მოლაშვილი.

„ბატონი მათიას იორში, რომელიც თქვენ ახსენეთ, იყო ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი, ის იყო ჩამოსული საქართველოში, სწორედ ნანა კაკაბაძის დაჟინებული მოთხოვნით შევიდა ქალბატონ ელენე თევდორაძესთან ერთად და მერე გვახსოვს მისი ემოციები, ჰყვებოდა იმ უსასტიკეს პირობებზე, მან განცხადებაც გააკეთა, რომელშიც სულხან მოლაშვილი იყო მოთავსებული. ეს იყო არა უბრალოდ უფანჯრო ოთახი, არამედ ეს იყო სარდაფი, აბსოლუტურად ნესტით სავსე ოთახი, ჰაერიც კი არ იყო. აქ გაატარა სულხანმა რამდენიმე თვე, ადამიანმა, რომელიც იყო ნაწამები და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიუთითა საქართველოს, რომ გადაეყვანათ საავადმყოფოში ამის შემდეგ მოხდა მისი გადაყვანა ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში“,-განაცხადა სოზარ სუბარმა.

სოზარ სუბარი, ასევე იხსენებს, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის თომას ჰამარბერგის ვიზიტს სულხან მოლაშვილთან, რომელმაც ასეთი სიტყვებით მიმართა მას: „სოზარ ნუთუ ეს მართალია, ნუთუ ეს შესაძლებელია მოხდეს?“.

„მოგვიანებით როცა მე საქართველოს სახალხო დამცველად ამირჩიეს ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ბატონი თომას ჰამარბერგი შევიყვანე ბატონ სულხან მოლაშვილთან და მირცხულავასთან, ერთად ისხდნენ. ისინი უყვებოდნენ მას იმ წამებაზე, რომელიც მათ გადაიტანეს. დაუჯერებელი იყო მისთვის ყოველ წუთს მომიბრუნდებოდა ბატონი კომისარი და მეუბნებოდა – „სოზარ ნუთუ ეს მართალია, ნუთუ ეს შესაძლებელია მოხდეს?“ და მე ვუდასტურებდი, თუმცა, ჩემი დასტური, რა თქმა უნდა, აქ არაფერი არ არის, იმასთან შედარებით, რომ საბოლოოდ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა, რომ წამების ის თითოეული ფაქტი, რომელიც იყო ბატონი მოლაშვილის, ბატონი მირცხულავას მიმართ იყო აბსოლუტურად სწორად გამოხატული მათ ამ განცხადებებში და ეს იყო მართლა მომხდარი იმ უსასტიკესი რეჟიმის მიერ“,-განაცხადა სოზარ სუბარმა.

Back to top button