
სოფლის განვითარების სააგენტოსა და ფონდ „სვისკონტაქტ – საქართველოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა. ფონდი „სვისკონტაქტი“ სოფლის განვითარების სააგენტოსთან „რეგიონებში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების პროექტის” ფარგლებში თანამშრომლობს. აღნიშნული პროექტს ფონდის „სვისკონტაქტი“ და ორგანიზაციების „Mercy Corps“ და „The Springfield Center“ კონსორციუმი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
მემორანდუმს ხელი სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა გიორგი დარჩიამ და ფონდ „სვისკონტაქტ – საქართველოს“ წარმომადგენლობის დირექტორმა რიჩარდ როუზმა მოაწერეს.
მემორანდუმი მიზნად ისახავს სააგენტოს პროგრამებსა და პროექტებში არსებული და პოტენციური ბენეფიციარებისათვის დამატებითი მხარდაჭერის შეთავაზებას, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისა და ქალების ჩართულობის ხელშეწყობას. მემორანდუმი ითვალისწინებს სააგენტოს შიდა (პროგრამული) სისტემების გაუმჯობესებისა და ახალი მექანიზმების დანერგვის შესაძლებლობის შექმნას.
აღნიშნული თანამშრომლობა მოიცავს სააგენტოში არსებული ფერმერთა ბაზის სტრუქტურიზაციას, ასევე, დაფარავს შემდეგ სახელმწიფო პროგრამებს „მაღალმთიანი დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა”, აგროდაზღვევა, „დანერგე მომავალი”.
აღსანიშნავია, რომ სოფლის განვითარების სააგენტოსა და ფონდ „სვისკონტაქტს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი პირველად 2022 წლის დეკემბერში გაფორმდა. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში პროგრამაში „დანერგე მომავალი“ ქალთა მონაწილეობის გასაზრდელად განხორციელდა არაერთი აქტივობა, ჩატარდა შეხვედრები, სემინარები, ვორქშოპები. სოფლის მეურნეობით დაინტერესებულ 500-მდე ქალს გაეწია კონსულტაცია, მათ შორის, 200-ზე მეტმა სასწავლო ტურში მიიღო მონაწილეობა. 2023 წელს პროექტმა პროგრამის „დანერგე მომავალი“ ბენეფიციარ 40 ქალს მიწის ლაბორატორიული ანალიზის საფასური აუნაზღაურა.
თანამშრომლობის ფარგლებში, სააგენტოს რეგიონული სამსახურის 200-ზე მეტ თანამშრომელს კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესების საკითხებზე ჩაუტარდა ტრენინგი. 2024 წელს, „რეგიონებში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების პროექტისა“ და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) თანამშრომლობით სოფლის განვითარების სააგენტოსათვის გენდერული ინდიკატორები შეიმუშავა ამერიკელმა ექსპერტმა ნანდინი გუნევარდენამ.