დავით სონღულაშვილი ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების რეინჯერებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილთან და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ბესიკ კუსიდთან ერთად, ბაწარა-ბაბანეურის დაცულ ტერიტორიებზე რეინჯერებს შეხვდა.

ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიები კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს, საერთო ფართობი 11 461 ჰა-ს შეადგენს და მას 17 რეინჯერი იცავს.

გამართულ შეხვედრაზე მინისტრმა რეინჯერებს მადლობა გადაუხადა დაცული ტერიტორიების დაცვაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

დავით სონღულაშვილმა დაცული ტერიტორიების შექმნის და მართვის თანამედროვე სისტემის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაცული ტერიტორიების შექმნა-განვითარების პარალელურად, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტია, რომ რეინჯერებს შესაბამისი აღჭურვილობა, სამუშაო პირობები და დაცვის გარანტიები ჰქონდეთ.

საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 25 ტერიტორიულ ადმინისტრაციაში გადანაწილებული 500-მდე რეინჯერი იცავს. რეინჯერების დაცვის ქვეშ საქართველოს ტერიტორიის 927 748 ჰექტრამდე ტერიტორიაა. მათი საქმიანობა გულისხმობს ბრაკონიერობის ფაქტების აღკვეთას, ბუნებრივ და დაუდევრობით გამოწვეულ ხანძრებთან გამკლავებას, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგს და, კომპეტენციის ფარგლებში, ვიზიტორთა დახმარებას.

აღსანიშნავია, რომ ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების უფროსი რეინჯერი გიორგი აბრამიშვილი, ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირისა (IUCN) და დაცული ტერიტორიების მსოფლიო კომისიის „საერთაშორისო რეინჯერთა“ კონკურსის ფარგლებში, მსოფლიოს 10 საუკეთესო რეინჯერს შორის დასახელდა და 2021 წელს მსოფლიო რეინჯერის ტიტული მიენიჭა.

დაცული ტერიტორიების შექმნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრიორიტეტს წარმოადგენს. ბოლო 10 წლის განმავლობაში, ქვეყანაში 30-ზე მეტი ახალი დაცული ტერიტორია შეიქმნა, და ფართობი დაახლოებით 75%-ით გაიზარდა. დღეისათვის, საქართველოში 100 დაცული ტერიტორიაა. მიმდინარე წელს მუშაობა დაიწყო კახეთის რეგიონში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი დაცული ტერიტორიის შექმნის საკითხზე.

Back to top button