ნანა ქადაგიშვილი: ჩემი შვილი საოპერაციო იყო და უნდა გაეყვანათ, მაგრამ მუხაძე („ქილერა“) უარს ამბობდა გაყვანაზე, ერთი თვე აწამა ამ ტკივილებით, არც „რეზბალნიციდან“ გაუშვა

„ოპერაციიდან მეორე დღესვე გადმოიყვანეს ჩემი შვილი „რეზბალნიცაზე“, საერთოდ აღარ მქონდა მასთან კონტაქტი, ბოლოს მირეკავს სულხან მოლაშვილი, მე და დათო [მირცხულავა] ვუვლით მას, ნემსებსაც ვუკეთებთო – ასე გადარჩა აჩიკო იმ დროს, მაგრამ B ჰეპატიტი მაინც შეყარეს, ციხიდან რომ გამოვიდა, მეოთხე სტადიის ციროზი ჰქონდა“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებულმა ნანა ქადაგიშვილმა, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა. ქადაგიშვილის თქმით, ალექსანდრე მუხაძეს („ქილერა“) ციხის კართან დახვდა და ბოლოს შეძლო, შვილი საოპერაციოდ გაეყვანა, თუმცა, ოპერაციიდან მეორე დღესვე უკან დააბრუნეს.

„ამაზე არც ჩემი შვილი დათანხმდა და არც მე დავთანხმდი, იმიტომ, რომ უკვე ვიცოდით, რა ხდებოდა იქ ოპერაციების დროს და ერთი თვე აწამა ამ ტკივილებით, არც „რეზბალნიციდან“ გაუშვა. ბოლოს, მუხაძეს ციხის კართან დავხვდი დილით ადრე და ვუთხარი, ყველაფერს მე გადავიხდი, ბოლოს და ბოლოს ადამიანი ხომ ხარ, გამოვიყვან, ახალგაზრდა ბიჭი ცოდოა, არ გეცოდება-მეთქი? მაშინ, განცხადება დაწერეთ, რომ თქვენ ამ თანხას იხდითო, კი-მეთქი, ეს თუ პრობლემა იყო, ამდენ ხანსაც გადავიხდიდი. გავიყვანეთ და ოპერაციის შემდეგ ერთი დღე დატოვეს საავადმყოფოში, მეორე დღეს უკვე გადმოიყვანეს, თუმცა, ძალიან ვეხვეწე, ორი-სამი დღე დაეტოვებინათ.

ახლა რომ გორაობს ის [სააკაშვილი] „ვივამედის“ კლინიკაში, ეგრე კი არ იყო, მეორე დღესვე გადმოიყვანეს ჩემი ნაოპერაციები შვილი“, – განაცხადა ნანა ქადაგიშვილმა. როგორც მან აღნიშნა, ოპერაციის შემდეგ, შვილთან კონტაქტი საერთოდ აღარ ჰქონდა, თუმცა, ერთ დღეს მას, უკვე, დაკავებულმა სულხან მოლაშვილმა დაურეკა და დაამშვიდა, რომ დავით მირცხულავასთან ერთად, ის უვლიდა ქადაგიშვილის ნაოპერაციებ შვილს და ნემსებსაც ისინი უკეთებდნენ.

ამის მიუხედავად, არჩილ ქადაგიშვილი B ჰეპატიტით მაინც დაავადდა, მას ციხიდან გამოსვლის შემდეგ, უკვე მეოთხე სტადიის ციროზი ჰქონდა და ამ დაავადების შედეგად გარდაიცვალა. „შემდეგ, საერთოდ აღარ მქონდა ჩემს შვილთან კონტაქტი, ძალიან ვნერვიულობდი, დილით მივდიოდი, შუაღამით მოვდიოდი, მაინც ვერავისგან ვერაფერს ვიგებდი და ბოლოს ზარი გაისმა ჩემს ტელეფონზე, მირეკავს სულხან მოლაშვილი და მეუბნება, რომ ქალბატონო ნანა, არ ინერვიულოთ, მე და დათო [დავით მირცხულავა] ვუვლით მას, ნემსებსაც ჩვენ ვუკეთებთო. ვიცი, რაზეც ნერვიულობთ, მაგრამ არ ინერვიულოთ, ჩვენ მათ ამის საშუალებას არ მივცემთ, არ მივაკარებთო და ყველაფერს ისინი უკეთებდნენ. ასე გადარჩა აჩიკო იმ დროს, მაგრამ ბე ჰეპატიტი მაინც შეყარეს მას. დაიღუპა ბე ჰეპატიტის შედეგად, ციხიდან რომ გამოვიდა, უკვე მეოთხე სტადია ციროზი ჰქონდა.” – განაცხადა ნანა ქადაგიშვილმა.

Back to top button