როგორი იქნება ეკოსისტემა, რომელიც „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ცხოველების პოპულაციის გამრავლებისთვის იქმნება

ბუნებრივი რესურსების დაცვა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება თანამედროვე გარემოსდაცვითი დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ კონტექსტში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გადაშენების პირას მყოფი ცხოველების პოპულაციის აღდგენას.

კეთილშობილი კავკასიური ირემი, არჩვის სამხრეთკავკასიური ქვესახეობა და კასპიური შურთხი – ეს იმ სახეობათა ჩამონათვალია, რომელთა მცირე ნაწილი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის საირმის ტერიტორიაზე, ჯერ კიდევ შეინიშნება. ეკოლოგიური რესურსებითა და ბუნებრივი ლანდშაფტით მდიდარი ადგილი საუკეთესო პირობებს ქმნის საფრთხეში მყოფი სახეობების დასაცავად.

ისტორიული პროექტისა და „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ მოწყობის დამტკიცების შემდეგ ამ მისიის განსახორციელებლად ახალი შესაძლებლობები გაჩნდა. 13 000 ჰექტარი ტერიტორიის დაცვაზე პასუხისმგებლობა ახლა ლიცენზიატს ეკისრება, რომელიც მოვალეობას გეგმის მიხედვით ასრულებს. უსაფრთხო გარემო უმთავრესი ფაქტორია, რაც, მაგალითისათვის, კეთილშობილი კავკასიური ირმის საირმეში დაბრუნებას შეუწყობს ხელს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ საქართველოში ამ დროისათვის დაახლოებით 1000 კავკასიური ირემია, რაც საგანგაშოდ დაბალი მაჩვენებელია. მისი დნმ სრულიად განსხვავდება ევროპაში გავრცელებული სახეობისაგან, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი შემოყვანა მხოლოდ კავკასიის ქვეყნებიდან არის შესაძლებელი, ისიც მხოლოდ დნმ-ის დადასტურებითა და სახელმწიფოს ნებართვით. არსებობს მეორე გზაც, რომელიც საირმის ტერიტორიაზე შესაბამისი უსაფრთხო გარემოს შექმნას გულისხმობს. აუცილებელია, ტერიტორიაზე შეწყდეს ბრაკონიერობა, გაკონტროლდეს მტაცებელთა რაოდენობა, შემოისაზღვროს დაცული ტერიტორია, რომელიც 10 000 ჰექტარზე ნაკლები არ უნდა იყოს, და მუდმივად კონტროლდებოდეს.

რევაზ ბეჟაშვილი, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი: კეთილშობილი კავკასიური ირემი საქართველოს ტერიტორიაზე ბორჯომხარაგაულის ნაკრძალში, გურიააჭარის ქედზე, ლაგოდეხის ნაკრძალში, ასევე, გარდაბნის აღკვეთილში გვხვდება. მცირედი შემოსვლები აღინიშნება საირმეში, სადაც ამ დროისათვის მიმდინარე პროცესები იმედის მომცემია. ტერიტორია აღჭურვილია დაცვით, ყველგანმავალი ავტომობილებით მიმდინარეობს მონიტორინგი, დამონტაჟებულია ფოტოხაფანგები, პროცესში ჩართულია დრონები. თუ ტყე დაცული იქნება, საირმეს ირემი დაუბრუნდება.

რაც შეეხება ირმის გამრავლების შესაძლებლობებს, პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ პოპულაცია იქვეა, აბასთუმნის თავზე. თუ მას საირმეში უსაფრთხო გარემო დახვდება, ირემიც შემოვა, ეს ბუნებრივი პროცესია. ბიჟინი (ირმის ნაშიერი) სადაც იბადება, იქვე რჩება, ის ადგილი იქცევა მის სამშობლოდ.

მეორე ვერსიაა ირმის საშენში გამრავლება, რომლის მოწყობის ვალდებულებაც საირმეს რეკრეაციულმა ფერმამაიღო. ის შესაბამის რობებს უნდა აკმაყოფილებდეს. ეს კი ლიცენზიატისთვის წინაპირობაა, სახელმწიფოსგან მიიღოს უფლება, ბუნებაში მოიპოვოს ირემი გამრავლების მიზნით და შემდეგ უკან გაუშვას. მესამე გზა კი მისი სხვა ქვეყნიდან შემოყვანაა, თუმცა მხოლოდ დნმის გადამოწმებით. ამას თავისი უპირატესობები აქვსსხვადასხვა ბუდის ირმების შეჯვარებით სისხლი განახლება. ეს ძალიან კარგი იქნება არა მხოლოდ საირმისთვის, არამედ მთელი ბორჯომხარაგაულის კვატორიისთვის“.

ცხოველთა მოპოვების უფლების მისაღებად საშენი შესაბამისად უნდა იყოს აღჭურვილი და ყველა საჭირო სტანდარტს აკმაყოფილებდეს. აუცილებელია დიდი ტერიტორია, დაცული ღობითა და სამეთვალყურეო სისტემით. ამასთანავე, თითოეულ ცხოველს, რომელსაც ფერმიდან ღია ტერიტორიაზე გაუშვებენ, ექნება სპეციალური GPS საყელო, რათა მუდმივი დაკვირვება იყოს შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ, „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ პროექტის ფარგლებში, კვლევითი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებშივე, ტყეში მალე გაჩნდება სამარილეებიც, რაც ტერიტორიაზე ცხოველის გაჩერება-დარჩენას შეუწყობს ხელს. რაც შეეხება უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ფერმაში ამ ეტაპზე 6 რეინჯერი და ერთი სპეციალისტი უკვე დასაქმებულია. ასევე, დამონტაჟებულია 10 ფოტოხაფანგი, რომელთა რაოდენობაც ეტაპობრივად, სპეციალისტების რეკომენდაციების შესაბამისად გაიზრდება და სათანადო ლოკაციებზე განთავსდება.

საირმე, რომელიც ცნობილია, როგორც სამკურნალო და საკურორტო ზონა, თავისი ტენიანი კლიმატითა და ტყიანი ტერიტორიებით იდეალურ გარემოს ქმნის ირმებისთვის. რეგიონს აქვს საკვები რესურსები, წყლის საკმარისი მარაგი და შედარებით დაცული გარემოეს ყველაფერი აუცილებელია ირმის პოპულაციის წარმატებული გამრავლებისთვის. საქართველოს რელიეფიდან გამომდინარე, ქვეყანაში არანაკლებ 60-70 000 ერთეული კავკასიური ირემი უნდა იყოს. როცა ეს ციფრი 1000 ერთეულს სულ ოდნავ აღემატება, ნიშნავს, რომ ეს პოპულაცია კვდებ,ამბობს რევაზ ბეჟაშვილი.

„საირმეს რეკრეაციული ფერმის“ ფარგლებში განთავსებულმა ფოტოხაფანგებმა ტერიტორიაზე აღმოაჩინა კიდევ ერთი საინტერესო არჩვის ქვესახეობა (ლათ. Rupicapra rupicapra aziatica), რომელიც ასევე წითელ ნუსხაშია დაცული. საქართველოში მისი ორი ქვესახეობაა და, როგორც სფეროს სპეციალისტები განმარტავენ, ორივეს დაცვა სჭირდება.

პროექტის ფარგლებში, მაისის მეორე ნახევრიდან საირმის ტყეში ექსპერტთა საველე გასვლები იგეგმება.

ვვარაუდობთ, რომ მეურნეობის ტერიტორიაზე, მთების კლდოვან ნაწილში არის კასპიური შურთხიც. თუ დადასტურდა, ეს ძალიან სასიხარულო აღმოჩენა იქნება, ცნობილია, რომ ისიც გადაშენების პირასაა. ამის მიზეზი უმეტესწილად არარეგულირებული ძოვება გახდა. მაგალითად, ცხვრის ფარა ფრინველის საბუდარ ადგილებში ძოვისას ხშირად ფრინველის ბუდეებს ანადგურებს.

თუ ველური ბუნება გაქრება, გაქრება შინაური ცხოველიც და ადამიანიც. ერთი რგოლის ამოვარდნაც კი ყველაფრის რღვევას განაპირობებს. ვფიქრობ, პასუხისმგებლობიანი მეურნეობების გაჩენა ამ პროცესის შეჩერებას და წითელ ნუსხაში არსებული ცხოველების გადარჩენაგამრავლებას შეუწყობს ხელს, – გვითხრა რევაზ ბეჟაშვილმა.

გადაშენების პირას მყოფი ცხოველების, მათ შორის კეთილშობილი კავკასიური ირმის დაბრუნება, საირმეში ფართო მიზანს, ეკოლოგიურ თანასწორობას ემსახურება და მდგრადი განვითარებისკენ გადადგმული ნაბიჯია. გარემოს დაცვის უმთავრეს ფაქტორთან ერთად, საირმეში დაწყებული მასშტაბური პროექტი დაეხმარება და წაახალისებს ეკოტურიზმს საქართველოში, რაც, თავის მხრივ, ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ კეთილდღეობაზეც აისახება.

 

Back to top button