
საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებულმა გოდერძი თირქიამ ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, მას და დედამისს გამომძიებელმა ბერიშვილმა აიძულა ქონების სახელმწიფოსთვის დათმობა და გადაფორმება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაპატიმრებით ემუქრებოდა.
„შევედი, დამხვდა გამომძიებელი ბერიშვილი. გამარჯობაო, ვიციო, დიაბეტი გაქვსო, მეცო და ჯერ ასეთი თბილი ლაპარაკი ვითომ. ახლა არ დამიწყოო, რომ მამაშენმა კეთილსინდისიერად იყიდა მიწებიო. მე ვუთხარი თქვენ ძალიან კარგად იცით მეთქი მამაჩემმა საიდან მოიტანა ამის თანხა და ვინც იყიდა როგორ იყიდა მეთქი და იმ კაცს ნაღდად არ უჭირდა 300-500 ლარიანი მიწების შესყიდვა მეთქი და რა უნდა ყოფილიყო სათაღლითო ამიხსენით მეთქი. ბიჭო ბევრი არ ილაპარაკო არ იციო სად ხარო? სად არისო დედამისიო. დედაჩემზეც იყო და ჩემზეც ნახევარი მიწები გაფორმებული. დედამისი სკოლაში არისო, მასწავლებელი არისო და გამოძახებული მყავს, მოვაო. ესო აქეთ ჩასვითო, ის რომ მოვა, იქით ჩასვითო. რატომ უნდა ჩამსვათთქო. ბიჭო ბევრი არ ილაპარაკო, რასაც გეტყვი ის უნდა დაწეროო. უკვე რომ მივხვდი რაშიც იყო საქმე და ვისთან მაქვს საქმე ვიცოდი და არ მინდა არაფერითქო, რა უნდა გავაკეთო მეთქი. რომ გეტყვით ისეო და მაჩვენეს „ჩემი ნება სურვილით ვუთმობ სახელმწიფოს“. აი ამაზე ყველაზე მოგვაწერინეს ხელი, მერე მეორე დღეს წაგვიყვანეს რეესტრში და ყველა გადაგვაფორმებინეს“, – განაცხადა გოდერძი თირქიამ.