„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებული ბესარიონ ხვინთელიანი: გიორგი მშვენიერაძე ორჯერ შემოვიდა ჩემთან, ჩემს ოჯახს ის არ ჰყავდა აყვანილი როგორც ადვოკატი – მისი სათქმელი იყო საპროცესო გარიგება, ქონებების დათმობა და 5 მილიონი დოლარი

ორჯერ შემოვიდა ჩემთან [გიორგი მშვენიერაძე], ჩემს ოჯახს ის არ ჰყავდა აყვანილი როგორც ადვოკატი, ჩემთან მისი შემოსვლა ერთხელ ან ორჯერ მოხდა. ჩემი ოჯახის არჩევანი ის არ ყოფილა, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებულმა ბესარიონ ხვინთელიანმა, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

როგორც მან აღნიშნა, მშვენიერაძემ, ციხეში მყოფ ხვინთელიანს განუცხადა, რომ მოსკოვიდან მისმა მეგობრებმა გამოაგზავნეს. „ეს როგორც ნდობის ფაქტორი იყო. მისი სათქმელი იყო საპროცესო გარიგება, ქონებების დათმობა და 5 მილიონი დოლარი – პირზე დავადგები ნებისმიერ დროს“, – განაცხადა ბესარიონ ხვინთელიანმა.

კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა კი ამ განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომ ეს ის გიორგი მშვენიერაძეა, რომელიც ახლა ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციას წარმოადგენს, ცდილობს ხელისუფლების დამხობაში მონაწილეობის მიღებას და გარე ძალების დავალებებს ასრულებს სააკაშვილის რეჟიმის დასაბრუნებლად.

„საუბარია იმ გიორგი მშვენიერაძეზე, რომელიც ახლა ცდილობს კვლავ ხელისუფლებაში დაბრუნებას, არის ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ცდილობს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დამხობაში მონაწილეობის მიღებას და გარე ძალების დავალებებს ასრულებს იმისათვის, რომ სააკაშვილი დააბრუნოს იქ, სადაც იყო – ეს გიორგი მშვენიერაძე იყო თქვენი ადვოკატი“, – განუცხადა თეა წულუკიანმა ხვინთელიანს.

Back to top button