
15 მაისს გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში ახალი შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების მიზნობრიობით პროექტში გამოცხადებული რეგისტრაციის შედეგად, მიღებულ იქნა 5 მლნ ლარის ღირებულების 15 განაცხადი. მათ შორის 3,5 მლნ ლარის ღირებულების 10 განაცხადი შეფასდა დადებითად.
პროექტის ფარგლებში ახალი შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების მიზნობრიობით განაცხადების მიღება განახლდება 3 ივნისის 12 საათიდან, დარჩენილი ბიუჯეტის 1,5 მლნ ლარის ამოწურვამდე.
სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, ახალი შემნახველი საწარმოების თანადაფინანსება შეადგენს პროექტის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 30%-ს, მაგრამ არაუმეტეს 350,000 ლარს; თანამონაწილეობის თანხა შესაძლოა წარმოადგენდეს, როგორც საკუთარ სახსრებს, ასევე აგროკრედიტს/ლიზინგს.
პროექტი ითვალისწინებს დამატებით შეღავათებს იმ შემთხვევებში, თუ შემნახველი საწარმო აშენდება მაღალმთიანი დასახლებებისა და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, ასევე, თუ საწარმოს სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივი შექმნის. აღნიშნულ შემთხვევებში თანადაფინანსება განისაზღვრება პროექტის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 40%-ით, არაუმეტეს 350,000 ლარით.
პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია სოფლის განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე rda.gov.ge