
2008 წლის ომამდე [სააკაშვილის ამერიკელი მრჩეველი დენ] კუნინი მოვიდა ჩემთან და მითხრა: ეს გიჟი ომის დაწყებას აპირებს და მიხედე თავს, იმიტომ რომ რაღაც საშინელებას დაგვმართებს, – განაცხადა „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოსვლისას. მისივე თმით, ანალოგიური გაფრთხილება აშშ-ის იმდროინდელი ელჩისგანაც მოისმინა.
„ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყო ასეთი US-Georgia Business Development Council [აშშ-სა და საქართველოს ბიზნესის განვითარების საბჭო] – ახლაც არის, რომელშიც მეც შევდიოდი, იმიტომ რომ თავდაცვა იყო ეს ჩემთვის. ამერიკის ელჩი ალბათ ახლაც არის ამ ორგანიზაციის საპატიო თავმჯდომარე. ამას წინად ჩემმა დეიდაშვილმა გამახსენა – ისიც ბიზნესმენია, დაჭერილი იყო – ლევან გიგინეიშვილის ძმა, გიორგი გიგინეიშვილი. არ გახსოვსო, ერთ-ერთ შეხვედრაზე რომ ვიყავით ამერიკის ელჩი მოვიდა და გვითხრაო – თქვენ ყველანი დიდი ბიზნესმენები სხედხართ აქ, ყველას მიგესვლებათ იქ და შეგიძლიათ რაღაც გავლენა გქონდეთ და წადით, ის კაცი გააჩერეთ – აპირებს ომის დაწყებას. ეს ხდებოდა 2008 წლის ერთ-ერთ შეხვედრაზე. შეიძლება ამ სიტყვებით არ უთქვამს – ომის დაწყებას აპირებსო, მაგრამ ის რომ რაღაც საშიშროების წინაშე ხართ, ასე ლაპარაკობდა. და კუნინი ამის მერე წავიდა. ყველაფერი მიაგდო, შეიძლება რაღაც გაყიდა-გამოყიდა, მაგრამ ამის მერე წავიდა და იმის მერე საქართველოში მაინცდამაინც არ ჩამოდიოდა, მე მგონი ახლა დაიწყო ცოტა ხნის წინ ჩამოსვლა“, – იხსენებს რუხაძე.