ირაკლი რუხაძე: მერდოკს ყელში ჰქონდა ამოსული პატარა საქართველო, საიდანაც „კაპიკი“ არ შედიოდა – გვეუბნებოდა, „იმედის“ გამო იმდენი პრობლემა მაქვს, კარგა ხანია ამხელა პრობლემები არაფრის გამო მქონიაო

მერდოკს ყელში ჰქონდა ამოსული ისედაც პატარა საქართველო, საიდანაც კაპიკი არ შედიოდა და ამას კიდევ დაემატა, რომ მისი მარჯვენა ხელი იმდენად ყურებამდე იყო ჩაფლული ამ თემებში, რომ საბოლოო ჯამში ამან იმოქმედა და გადაწყვიტა, რომ „იმედიდან“ გასულიყო, – განაცხადა „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე.

„მერდოკის ხალხი სიმართლისთვის იბრძოდა, მას ჰყავდა ძალიან ახლო ადამიანი, პამპადორი, რომელიც მეორე ადამიანი იყო იმ ორგანიზაციაში, რომელიც საქართველოში უამრავ დროს ატარებდა. ტელევიზიაში 10% ჰქონდათ მათ და ეს ამის გამო არ ხდებოდა, ეს ხდებოდა იმის გამო, რომ ბადრი პატარკაციშვილი იყო და სხვა ურთიერთობები ჰქონდათ მასთან, სულ აქ იყო. მე ძალიან მეხმარებოდა პამპადორი, ამერიკის საელჩოში რომ შედიოდა, სულ სხვანაირად იღებდნენ, რადგან მერდოკის მარჯვენა ხელი იყო.

ვფიქრობ, რომ პამპადორი მარტო „ნიუსკორპის“ გამო არ გვიცავდა თავდადებით და ეს გამოიყენა მერდოკმა გასასვლელად. მერდოკი სულ გვეუბნებოდა, რომ „იმედის“ გამო იმდენი პრობლემები ჰქონდა, კარგა ხანია ამხელა პრობლემები არაფრის გამო ჰქონია. მგონია, რომ მერდოკს ყელში ჰქონდა ამოსული ისედაც პატარა საქართველო, საიდანაც კაპიკი არ შედიოდა და ამას კიდევ დაემატა, რომ მისი მარჯვენა ხელი (პამპადორი) იმდენად ყურებამდე იყო ჩაფლული ამ თემებში, რომ საბოლოო ჯამში ამან იმოქმედა და გადაწყვიტა, რომ „იმედიდან“ გასულიყო“, – აღნიშნა ირაკლი რუხაძემ.

Back to top button