იმედი გვაქვს, ევროკავშირსა და ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა იქნება იმ საკითხებზე, რომელსაც აქვს პოტენციალი, ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებაში პოზიტიური ტრანსფორმაცია მოახდინოს- ამის შესახებ მოლდოვას პრემიერ-მინისტრმა ნატალია გავრილიცამ ასოცირებული ტრიოს ფორმატში გამართულ ბრიფინგზე, ბრიუსელში განაცხადა.
მოლდოვას პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ასოცირებული ტრიოს ქვეყნები აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში უსაფრთხოების კუთხით და ჰიბრიდული საფრთხეების გამკლავების მიმართულებით მეტ ინტერესს და ყურადღებას ითხოვენ.
„ჩვენ გვინდა უფრო სიღრმისეული პოლიტიკური დიალოგი და დარგობრივი ინტეგრაცია ვიქონიოთ ევროკავშირთან. იმედი გვაქვს, რომ მჭიდრო თანამშრომლობა იქნება იმ საკითხებზე, რომელიც ჩვენი მოქალაქეებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და რომელსაც აქვს პოტენციალი, პოზიტიური ტრანსფორმაცია მოახდინოს მათ ცხოვრებაში. ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ახალი საჭიროებები გამძლეობის და მედეგობის კუთხით დაკმაყოფილებული იყოს. აღმოსავლეთ სამეზობლო ბევრისთვის მოიტანს სარგებელს. ამ ფარგლებში უსაფრთხოების კუთხით და ჰიბრიდული საფრთხეების გამკლავების მიმართულებით მეტ ინტერესს და ყურადღებას ვითხოვთ. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ყველა იმ მიზანსა და ორიენტირზე, რომელსაც შედეგი ექნება ჩვენს მედეგობასა და გამძლეობაზე. გაძლიერდება ჩვენი ენერგოუსაფრთხოება, ინტეგრაცია ევროპის ენერგობაზარზე, გაძლიერდება სატრანსპორტო დაკავშირებადობა, სასამართლო სისტემა და ასე მოხდება შიდა მედეგობის გაზრდა და განვითარება. ეს მხოლოდ რამდენიმე საკითხია იმ საკითხებს შორის, რომელიც განვიხილეთ ევროპელ კოლეგებთან. ყველანი მზად არიან და გახსნილები არიან, რომ გააძლიერონ ჩვენი მტკიცე რწმენა. ყველანი მოუთმენლად ველით აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს და დეკლარაციას, რომელშიც აღიარებული იქნება ჩვენი ამბიციები და ახალი, კონკრეტული წინადადებები”,- განაცხადა ნატალია გავრილიცამ.