საქართველომ, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია – სუამ-ის თავმჯდომარეობა მოლდოვას გადაცსა

ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია – სუამ-ში საქართველოს თავმჯდომარეობით, საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს, რიგით 38-ე სხდომა გაიმართა.

სუამ-ის მინისტერიალი, გაერო-ს გენერალური ასამბლეის შემდეგ, წელს მეორედ შედგა და საქართველოს თავმჯდომარეობის კონტექსტში, მას უძღვებოდა ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი, მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრი ნიკუ პოპესკუ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება და სუამ-ის გენერალური მდივანი ალთაი ეფენდიევი.

მინისტრმა შეაჯამა 2021 წელს, სუამ-ში საქართველოს თავმჯდომარეობა და მიმოიხილა წლის მანძილზე, პანდემიის მიუხედავად, თავმჯდომარეობის ფარგლებში მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგები.

მხარეებმა განიხილეს ორგანიზაციის დღის წესრიგში არსებული თანამშრომლობის ძირითადი საკითხები, მათ შორის, პოლიტიკური, საპარლამენტთაშორისო, სექტორული, ასევე სუამ+ ფორმატების ფარგლებში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.

საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს. დავით ზალკალიანმა მონაწილეებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, ხაზი გაუსვა რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევის ფაქტებსა და ადგილზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას.

მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, სუამ-ის წევრი ქვეყნების კოორდინირებულ თანამშრომლობასა და ურთიერთქმედების გაძლიერების აუცილებლობაზე.

შეხვედრის დასასრულს, ხელი მოეწერა სხდომის ოქმს და გადაწყვეტილებას მოლდოვისათვის თავმჯდომარეობის გადაცემასთან დაკავშირებით. დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა კოლეგებს საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში თანამშრომლობისათვის და წარმატება უსურვა მოლდოვის მხარეს, რომელიც მომდევნო ერთი წლით, 2022 წელს ჩაიბარებს აღნიშნულ მანდატს.

 

Back to top button