
ყველა მიმართულებით, განათლების სისტემის დახვეწა იქნება ეს, ჯანდაცვის სისტემაზე ზრუნვა თუ ა.შ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენ თანდათანობით დავუახლოვდეთ იმ სტანდარტებს, რომლებიც ჩამოყალიბებულია ევროკავშირის სივრცეში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იმედი LIVE-ში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, იმისთვის, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი, საჭიროა გარკვეული პირობების დაკმაყოფილება და ეს პირობები, მათ შორის უკავშირდება დემოკრატიულ სისტემას.
„ჩვენ გვაქვს მტკიცე დემოკრატიული სისტემა, რომელიც არ ჩმოუვარდება ევროპულ სისტემებს. თუ გადახედავთ, როგორია განვითარების ტენდენციები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ძალიან დიდ ნაწილში, თვალნათლივ ჩანს, რომ დემოკრატიის, მედიაპლურალიზმის, მედიის თავისუფლების, სიტყვის თავისუფლების ხარისხი, შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფის ხარისხი და ა.შ ყველა მიმართლებით გვაქვს უპირატესობაც კი, ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანასთან, შეიძლება უმრავლესობასთანაც კი. რაც შეეხება დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს და ა.შ. ჩვენ დღესაც ვართ მზად იმისთვის, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა და 2030 წლისთვისაც ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ამ კუთხით ყველა პარამეტრი იყოს დაკმაყოფილებული. რაც შეეხება ეკონომიკურ განვითარებას, ვართ პირველ ადგილზე ევროპაში და ფართო რეგიონში. საბოლოო ჯამში, როცა მიიღება გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე, მთავარი პარამეტრი მაინც იქნება ეკონომიკის განვითარების დონე. აქ პირველ ადგილზე ვართ ზრდის თვალსაზრისით. შესაბამისად, 2030 წლისთვის ეკონომიკური კუთხითაც ყველაზე მეტად ვიქნებით მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ეკონომიკურ ზრდას მოაქვს კეთლდღეობის შედარებით მაღალი ხარისხი და სოციალური საკითხებიც არის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ფაქტორი, როდესაც მიიღება გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე და აქაც ვიქნებით ყველაზე მეტად მზად ევროკავშირშ გასაწევრიანებლად”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, ქართული მხარის განაცხადი ამ მიმართულებით დაფუძნებულია კონკრეტულ არგუმენტებზე და ტენდენციებზე, რომლებიც ჩამოყალიბებულია ქვეყანაში, ხოლო დანარჩენი დამოკიდებულია ევროპული ბიუროკრატიის მიდგომაზე.
„დღეს ვხედავთ, რომ ეს მიდგომა არის აბსოლუტურად უსამართლო. თუ ეს უსამართლო მიდგომა შეიცვლება სამართლიანი მიდგომით, ამ შემთხვევაში ჩვენს გაწევრიანებას ევროკავშირში 2030 წლისთვის ვერაფერი დაუდგება წინ. ვნახოთ, როგორი იქნება ევროპული ბიუროკრატიის, ჩინოვნიკების დამოკიდებულება. ჩვენი მხრიდან გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.